უკრაინის ოლქში, ხერსონში, რომელიც ამჟამად რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულია, რუსეთის ფედერაციასთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმს ამ წლის შემოდგომაზე გეგმავენ. ამის შესახებ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან ხერსონის ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის მარიონეტი ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ სტრემოუსოვმა ისაუბრა.
"ვემზადებით რეფერენდუმისთვის. მიმდინარეობს საორგანიზაციო საკითხები. რეფერენდუმის შემდეგ, ჩვენ რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი სუბიექტი გავხდებით. რჩება სულ მცირე დრო, რათა თავი უდიდესი ქვეყანა რუსეთის სრულუფლებიან მოქალაქედ შევიგრძნოთ. ჩვენ ყირიმის გზით მივდივართ". – თქვა მარიონეტმა მოხელემ.
აქამდე, გასულ კვირებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინის ოკუპირებული ოლქების, ზაპოროჟიესა და ხერსონის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას.
ამას გარდა, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში უკრაინული საკომუნიკაციო საშუალებები რუსულით ჩაანაცვლეს, მათ შორის, შეცვალეს სატელეფონო კოდი.
ხერსონის მარიონეტული ადმინისტრაცია ობოლ და 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დაბადებულ ბავშვებს რუსეთის მოქალაქეობას ავტომატურად მისცემს.