რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხერსონის მარიონეტი ლიდერი: სანამ ბრძოლა არ შეწყდება, შეერთების რეფერენდუმი არ ჩატარდება

რუსი ჯარისკაცები ხერსონში, 20 მაისი
AP

ოკუპირებულ ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, კირილ სტრემუსოვის თქმით, რეგიონში რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი მანამ არ ჩატარდება, სანამ ხერსონის, ოდესისა და ნიკოლაევის მიმდებარე რეგიონებში ბრძოლა არ შეწყდება.

სტრემუსოვმა Reuters-თან საუბრისას თქვა, რომ ამჟამად "რეფერენდუმის შესახებ საუბარი არ მიმდინარეობს".

"ჩვენ მოგვიანებით განვაცხადებთ, როდის ჩატარდება რაიმე სახის კენჭისყრა ან პლებისციტი, მაგრამ ეს არ იქნება დღეს და ხვალ, რადგან ჩვენი უპირველესი ამოცანა ხერსონის ოლქში წესრიგის აღდგენა და ადმინისტრაციის სისტემის ორგანიზებაა" – თქვა სტრემუსოვმა.

სამხრეთ უკრაინაში მდებარე ხერსონის რეგიონი თებერვლის ბოლოს შეჭრის შემდეგ რუსეთის კონტროლქვეშაა. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში ფსევდო რეფერენდუმების ჩატარებას გეგმავს. აპრილში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ თუ ხერსონში რეფერენდუმი ჩატარდებოდა, უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს საბოლოოდ დატოვებდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები