რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: ჩვენს მიწას არსებული ყველა ძალითა და საშუალებით დავიცავთ

ვლადიმირ პუტინი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის ცერემონიაზე სიტყვის გამოსვლის დროს, 2022 წლის 30 სექტემბერი.
კრემლი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთი საკუთარი ტერიტორიების დასაცავად ყველა საშალებას გამოიყენებს.

"ჩვენს მიწას დავიცავეთ არსებული ყველა ძალითა და საშუალებით, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ხალხის უსაფრთხო ცხოვრება. ამაშია ჩვენი ერის დიდი განმათავისუფლებელი მისია". – თქვა პუტინმა უკანონოდ ანექსირებულ ტერიტორიებზე საუბრის დროს.

ამას გარდა, პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს პუტინმა ისაუბრა დასავლური სახელმწიფოების ათწლეულებისა და ასწლეულების წინანდელ პოლიტიკაზე, მათ შორის აშშ-ზეც და ახსენა, რომ ამ უკანასკნელმა ბირთვული იარაღი ორჯერ გამოიყენა იაპონიის წინააღმდეგ, ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის დროს, რაზეც გააკეთა შემდეგი კომენტარი: "სხვათა შორის, პრეცედენტი შექმნეს".

პუტინმა ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები რუსეთის ტერიტორიად გამოაცხადა, რაც ფორმალურად რუსეთის ფედერაციულმა საბჭომაც უნდა დაამტკიცოს.

რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ოთხი ოლქიდან ვერცერთს სრულად ვერ აკონტროლებენ, მარიონეტულ ადმინისტრაციებს პრეტენზიები კი ოლქის მთელ ადმინისტრაციულ საზღვრებზე აქვთ.

აქამდე, 21 სექტემბერს, როდესაც ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მან დასავლეთის წინააღმდეგ ბირთვული შანტაჟის რიტორიკა განაგრძო. პუტინმა თქვა, რომ რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში, არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებდა და ეს ბლეფი არ იყო. მან ასევე თქვა, რომ ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით შანტაჟს ცდილობს, "უნდა იცოდნენ, რომ ქარმა, შესაძლოა, მათი მიმართულებით იცვალოს პირი".

ამას გარდა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

კომენტარები