რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ: არ ვუჭერთ მხარს უკრაინისთვის MiG-29-ების გადაცემას

პოლონეთის საჰაერო ძალების МиГ-29

პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აშშ არ უჭერს მხარს უკრაინისთვის MiG-29-ების გადაცემას. 

"[თავდაცვის] მდივანს მიეცა შესაძლებლობა [პოლონეთის თავდაცვის მინისტრ მარიუშ] ბლაშჩაკთან განეხილა შეთავაზება, ავიაგამანადგურებელი MiG-29-ების უკრაინისთვის გაგზავნის შესახებ. და კონკრეტულად, ამის გაკეთებისთვის, მათი აშშ-ს მფლობელობაში გადაცემის შესახებ. მდივანმა [ლოიდ] ოსტინმა მას მადლობა გადაუხადა პოლონეთის მიერ უკრაინის დასახმარებელი გზების ძიების მონდომებისთვის. მაგრამ მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა არ ვუჭერთ მხარს უკრაინის საჰაერო ძალებისთვის დამატებითი ავიაგამანადგურებლების მიწოდებას და შესაბამისად არც მათი ჩვენს განკარგულებაში ნახვა გვსურს", – თქვა კირბიმ. 

კირბიმ დაასახელა ამ გადაწყვეტილების რამდენიმე მიზეზი. მისი თქმით, უკრაინისთვის საუკეთესო დახმარების გზა იქნება "იმ იარაღების მიწოდება, რომლებიც მათ სჭირდებათ", რომლებშიც დაასახელა ჯავშანსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემები. მომდევნო მიზეზად პენტაგონის სპიკერმა აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო ძალებს ჰყავს მისიებისთვის სრულად გამოსადეგი თვითმფრინავების ესკადრილია და დამატებითი ავიაგამანდგურებლების გაგზავნა "არ შეცვლის უკრაინის საჰაერო ძალების ეფექტიანობას". შესაბამისად, ფიქრობენ, რომ "MiG-29-ების გადაცემის სარგებელი არის დაბალი". დაბოლოს, კირბიმ ხაზი გაუსვა, რომ დაზვერვის მოანცემებით, ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემა, შესაძლოა, არასწორად იყოს გაგებული ესკალაციის ნაბიჯად და გამოიწვიოს რუსეთის რეაქცია, რაც, შეიძლება, NATO-სთან კონფლიქტში გადაიზარდოს. შესაბამისად, კირბის თქმით, ავიაგამანადგურებლების გადაცემა "დიდი საფრთხის შემცველია".

ამას გარდა, ჯონ კირბიმ ისაუბრა უკრაინის მიერ საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესების ალტერნატივებზე.

"ალტერნატიული ვარიანტებია სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშოაბა დამატებითი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებისა და სისტემების უკრაინისთვის გადაცემაზე. ამ შესაძლებლობებზე საუბარი ახლა ბევრ ქვეყანასთან გვაქვს, მიწა-ჰაერის რაკეტები მაგალითად, რომლებზეც უკრაინელები უფრო ნავარჯიშები და სათანათოდ აღჭურვილები არიან, რომ გამოიყენონ. ეს [დამხარება] შეიძლება მოიცავდეს დამატებით ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემებსაც". – აღნიშნა კირბიმ.

აქამდე, გასულ დღეს პენტაგონში ამბობდნენ, რომ ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემა გონივრული არ იქნებოდა.

8 მარტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც ქვეყანა მის მფლობელობაში არსებულ ყველა MiG-29 თვითმფრინავს აშშ-ს გადასცემდა. ავიაგამანადგურებლებს გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე გადაიყვანდნენ. განცხადების მიხედვით, პოლონეთმა გადაწყვეტილება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე მწვანე შუქის ანთების კონტექსტში მიიღო.

6 მარტს ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები, რომლებსაც უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემა სურთ, მწვანე შუქს მიიღებენ. მისივე თქმით, ამ საკითხის განხილვა უკვე დაწყებული იყო პოლონეთთან.

ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის თქმით, პოლონეთის მიერ აშშ-სთვის MiG-29 თვითმფრინავების გადაცემა მოულოდნელი იყო.

აქამდე, გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ პოლონეთი უკრაინას MiG-29-ებს გადასცემდა, აშშ ვარშავას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებით მოამარაგებდა, რასაც პოლონურმა მხარემ სიცრუე უწოდა. თუმცა, შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ პოლონეთთან მუშაობდა, რათა ვარშავას უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლები მიეწოდებინა. როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით პოლონეთთან საუბრობდნენ. სწორედ ამის შემდეგ, 8 მარტს, პოლონეთის მხარემ გამოაქვეყნა განცხადება აშშ-სთვის MiG-29-ების გადაცემასთან დაკავშირებით.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები