რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის მეორე ეტაპი დაიწყო

აზოვსტალიდან ევაკუაციის მეორე ეტაპი დაიწყო - CNN-ს  დონეცკის ოლქის სამხედრო გუბერნატორმა პაველ კირილენკომ უთხრა. 

"შემიძლია ვთქვა, რომ ევაკუაციის მეორე ეტაპი დაიწყო, მაგრამ წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა, ჯობია საზოგადოებას ვაცნობო როდესაც დასრულდება".- ამბობს კირილენო. 

მისივე თქმით, რუსეთის ქმედებებით შეთახმებები იცვლება და ამიტომ, ამჯობინებს, რომ ევაკუაციის მეორე ეტაპის შედეგებზე ისაუბროს. 

კირილენკოს თქმით, აზოვსტალის ტერიტორიაზე 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩება.

4 მაისს რუსეთის ფედერაციის ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 5, 6 და 7 მაისს, მოსკოვის დროით 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, რუსეთის შეიარაღებული ძალები აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნიან

ასევე 4 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მარიუპოლში რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან 156 მშვიდობიანი მოქალაქე გამოიყვანეს და ისინი უკვე უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ზაპოროჟიაში არიან.

 

აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 1 მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით დაიწყო.

2 მაისს მარიუპოლში მებრძოლი მე-12 ბრიგადის მეთაურმა, დენის შლეგმა თქვა, რუსეთის ძალების მიერ ალყაში მოქცეულ აზოვსტალის ქარხანაში 200-მდე ადამიანი, მათ შორის, 20 ბავშვი რჩებოდა.


რუსი ოკუპანტები მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში გუშინ, 4 მაისს შეიჭრნენ. აქამდე ისინი უკრაინელი სამხედროების დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდნენ. ქარხანაში შეჭრამდე ოკუპანტები ტერიტორიას ბომბავდნენ. შეჭრასთან დაკავშირებით ინფორმაციას კრემლი უარყოფს

ამასთან ერთად,უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტების მიერ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიის დაკავების მცდელობა წარუმატებლად მიმდინარეობს.

19 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც მარიუპოლში უკრაინელთა ბოლო ძალებია გამაგრებული, იერიში დაიწყეს. ოკუპანტები იყენებდნენ მძიმე ბომბებს, ხსნიდნენ საარტილერიო და სატანკო ცეცხლს.

20 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზოვსტალზე შტურმი მიზანშეწონილი არ არის და მას თავდასხმის გაუქმება უბრძანა.  პუტინმა აზოვსტალის პოლკს დანებებისკენ მოუწოდა და ამტკიცებს, რომ მათი უსაფრთხოება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით იქნება დაცული.

მაისში რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის ქარხანაზე მასიური იერიშები განაახლეს. აქამდე, ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია შესაძლებელი გახდა.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

მარიუპოლის მცველთა ერთ-ერთმა მეთაურმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგიი ვოლინამ ვიდეომიმართვაში მსოფლიოს ლიდერებს დახმარებისთვის მიმართა.

"ვიცავთ ერთ ობიექტს, ქარხანას, სადაც ომში მომწყვდეული მარიუპოლის სამხედრო გარნიზონი და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს დახმარებისთვის. ვთხოვთ გაყვანის პროცედურის შესრულებასა და ჩვენი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაყვანას. მარიუპოლის გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია, არიან ასობით მოქალაქეები, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მადლობა". – ამბობდა ვოლინა.

კომენტარები