რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა – შოიგუ

სერგეი შოიგუ და ვლადიმირ პუტინი

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ აღნიშნა, რომ სექტემბერში გამოცხადებული 300 000 რეზერვისტის "ნაწილობრივი მობილიზაცია" დასრულდა და, შოიგუს თქმით, ათიათასობით მათგანი უკვე გაგზავნილია ბრძოლის ველზე.

"თქვენ მიერ მოცემული დავალება - 300 000 ადამიანის მობილიზაცია შესრულებულია". - თქვა შოიგუმ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას.

შოიგუს თქმით, 300 000 მობილიზებული რეზერვისტიდან 218 000 ისევ წვრთნებს გადის, ხოლო 82 000 უკვე ბრძოლის ველზეა, აქედან 41 000 აქტიურ სამსახურშია.

შოიგუს განმარტებით, ახლა უკრაინის ომში რუსეთის ჯარი მოხალისეებითა და პროფესიონალი ჯარით დაკომპლექტდება. არ იგეგმება რამდენიმე მილიონი რეზერვისტის მობილიზება.

შოიგუს საპასუხოდ, პუტინმა აღიარა მობილიზაციის პრობლემები და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდება შეუძლებელია. 

"სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ და შევასწოროთ შეიარაღებული ძალების ყველა კომპონენტი, მათ შორის სახმელეთო ჯარების აგებულება". - აღნიშნა პუტინმა.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინი ამბობდა, რომ სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში, მათ, ვისაც გამოცდილება ჰქონდა. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. 

რუსი სამხედრო ასაკის მქონე ათიათასობით კაცი თავის ქვეყნიდან საქართველოში, სომხეთსა და ყაზახეთში გადავიდნენ - იმ სახელმწიფოებში, სადაც ვიზა არ სჭირდებათ.

ნაწილობრივ მობილიზაციას მოჰყვა პროტესტი რუსეთის დიდ ქალაქებში. რუსეთის მასშტაბით ანტიმობილიზაციის საპროტესტო აქციებზე 2 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 

კომენტარები