რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: სპეციალური სამხედრო ოპერაცია ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ახალი ტერიტორიები გვაქვს

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომს, რომელსაც მისი რეჟიმი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს, ხანგრძლივი პროცესი უწოდა.

ამასთან ერთად, პუტინმა ხანგრძლიობის გასამართლებლად აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ახალი ტერიტორიები "გამოჩნდა" და აზოვის ზღვა რუსეთის "შიდა ზღვა" გახდა. პუტინის აზრით ეს რუსეთისთვის მნიშვნელოვანი შედეგებია.

პუტინმა თავი კიდევ ერთხელ შეადარა რუსეთის ცარს, პეტრე I დიდს.

"რაც შეეხება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ხანგრძლივობასა და რეზულტატებს, რა თქმა უნდა, ხანგრძლივი პროცესია, შეიძლება. მაგრამ შემდეგ თქვენ ახსენეთ, რომ გამოჩნდა ახალი ტერიტორიები... აი, ეს რუსეთისთვის მაინც მნიშვნელოვანი შედეგია, ეს სერიოზული საკითხია, რა გვაქვს დასამალი, აზოვის ზღვა რუსეთის ფედერაციის შიდა ზღვა გახდა, ეს სერიოზული რამაა. ჯერ კიდევ პეტრე I იბრძოდა, რომ აზოვის ზღვაზე გასულიყო". – თქვა პუტინმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების განვითარების საბჭოს სხდომაზე, სადაც მას უთხრეს, რომ ხალხი "სპეციალური სამხედრო ოპერაციისგან" შედეგებს ელის.

კომენტარები