რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

პუტინმა მობილიზაციის პროცესში დაშვებული შეცდომების გადახედვა მოითხოვა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოითხოვა, რომ რუსეთში დაწყებული მობილიზაციის ფარგლებში დაშვებულ შეცდომებს გადახედონ.

პუტინმა ამ საკითხთან დაკავშირებით უსაფრთხოების საბჭო დაიბარა. მათ დაავალა შეცდომებს "ფორიაქის გარეშე, მშვიდად, მაგრამ სწრაფად, დეტალურად, საფუძვლიანად" მიხედონ. 

პუტინმა აღიარა, რომ მობილიზაციის ფარგლებში შეცდომები დაუშვეს. თუმცა სადავოა იყო თუ არა საჩივრები მართლაც შეცდომები თუ გამიზნული ქმედებები.

"მობილიზაციის ღონისძიებების ფარგლებში მოქალაქეებისგან ამ თემაზე ბევრი ინფორმაცია მივიღეთ: თავად გამოძახების ორგანიზებაზე, აღჭურვილობის ხარისხზე, საყოფაცხოვრებო პირობებსა და სხვა საკითხებზე - ჩნდება ბევრი კითხვა და საჭიროა გამოსწორდეს ყველა შეცდომა და აღარ განმეორდეს იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც, მაგალითად, გადავადება ეკუთვნის". – თქვა პუტინმა.

პუტინის მტკიცებით, მათ, ვინც შეცდომით არის გამოწვეული, სახლში დააბრუნებენ.

"აუცილებელია ყოველი ასეთი შემთხვევა ცალკეულად იყოს განხილული და თუ დაშვებულია შეცდომა, საჭიროა მისი გამოსწორება, მათი სახლში დაბრუნება, ვინც უსაფუძვლოდ გამოიძახეს". – დაამატა პუტინმა.

პუტინის 21 სექტემბრის განცხადების მიხედვით, მობილიზაცია მხოლოდ სამხედრო გამოცდილებისა და მომზადების მქონე ხალხს მოუწევდა, თუმცა ინტერნეტსივრცეში მალე გავრცელდა ცნობები, რომ ხალხს ამ გამოცდილების გარეშეც იწვევდნენ. ასევე გავრცელდა ინფორმაცია მობილიზებული სამხედროებისთვის არსებულ რთულ პირობებსა და სამხედრო მომზადების ნაკლებობაზე.


21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები