რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოლაპარაკებები: მხარეები ბრუნდებიან დედაქალაქებში შედეგებზე სამსჯელოდ, იქნება II რაუნდიც

მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინა-ბელარუსის საზღვართან რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა, ის ექვს საათს გრძელდებოდა. პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხეილ პოდოლიაკის თქმით, "მხარეებმა განსაზღვრეს პრიორიტეტული თემები, რაზეც გამოიკვეთა გარკვეული გადაწყვეტილებები".

მოლაპარაკებების მონაწილეები საკუთარ დედაქალაქებში ბრუნდებიან ამ გადაწყვეტილებათა რეზულტატებზე სამსჯელოდ.

"მოვილაპარაკეთ, რომ შედგება მეორე რაუნდი" - აღნიშნავს პოდოლიაკი.

უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებისთვის უკრაინა-ბელარუსის საზღვართან დილით ჩავიდა. მთავარი მოთხოვნა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და რუსული ჯარების გაყვანა იყო. 

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ თავდაცვის მინისტრი ოლეკსეი რეზნიკოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკოლა ტოჩიცკი.

აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების პარალელურად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ხარკოვის მიმართულებით სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლი გახსნეს, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით კი – დაიჭრა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანტონ გერაშჩენკოს ცნობით, ქალაქს БМ-21 Град-ებით ბომბავდნენ. 

27 თებერვალს სატელეფონო საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკი და ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო შეთანხმდნენ, რომ უკრაინა-რუსეთის დელეგაციები ბელარუსის საზღვარზე ერთმანეთს წინაპირობების გარეშე შეხვდებოდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები