რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სუროვიკინი: ხერსონის მიმართულებით რთული ვითარება გვაქვს

სერგეი სუროვიკინი
РИА Новости/მიხაილ მეტცელი

18 ოქტომბერს უკრაინაში მოქმედი რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, სერგეი სუროვიკინმა, სამთაბრობო-პროპაგანდისტული არხი Россия 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ხერსონის ფრონტზე არსებული ვითარება რუსეთისთვის რთულად შეაფასა.

სუროვიკინის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ხერსონში იერიშები მიაქვთ ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ სახლებზე. 

"მოცემული მიმართულებით განვითარდა რთული ვითარება. ხერსონში მოწინააღმდეგეს მიზანმიმართულად მიაქვს იერიშები ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ სახლებზე. HIMARS-ის რაკეტებით დაზიანებულია ანტონოვსკის ხიდი და კახოვკას ჰიდროელექტრო სადგურის კაშხალი, რომლის მიმართულებით მოძრაობაც შეწყვეტილია". – თქვა სუროვიკინმა.

სუროვიკინის თქმით, ხერსონის რეგიონში არის ენერგომომარაგების პრობლემა.

უკრაინაში რუსული ძალების დაჯგუფების მეთაურმა სიტუაციის სირთულეს ხაზი ხელმეორედაც გაუსვა.

"ჩვენი შემდეგი გეგმები და მოქმედებები, თავად ქალაქ ხერსონთან დაკავშირებით, დამოკიდებული იქნება შექმნილ სამხედრო-ტექნიკური სიტუაციაზე". – აღნიშნა სუროვიკინმა.

სუროვიკინმა არ გამორიცხა რთული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობაც.

"ვიმოქმედებთ შეგნებულად, დროულად, არ გამოვრიცავთ რთული გადაწყვეტილებების მიღებასაც". – თქვა უკრაინაში რუსული ძალების მეთაურმა.


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სუროვიკინი უკრაინაში მყოფი გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფებების მეთაურად 8 ოქტომბერს დანიშნა.

სუროვიკინმა სამხედრო კარიერა 1983 წელს დაიწყო, ის რამდენიმე კონფლიქტში მსახურობდა და, ამასთანავე, სანქცირებულია ევროკავშირის მიერ.

სუროვიკინმა პირველად სამხედრო სამსახური ავღანეთში დაიწყო, მანამდე ჩეჩნეთის ომში ქვედანაყოფს მეთაურობდა. იგი ასევე მსახურობდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსად.

მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის ოპერაციებში სირიაში, როდესაც რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა აჯანყებულთა მიერ დაკავებულ რაიონების დიდი ნაწილი გაანადგურა. 2017 წელს ის რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლად დაინიშნა და გასულ წელს არმიის გენერლად დააწინაურეს.

ამას გარდა, სუროვიკინი აქამდე უკრაინაში რუსეთის ძალების სამხრეთის ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, სუროვიკინი 2022 წლის ივლისში ლისიჩანსკის აღებას, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ლაპინთან ერთად, ხელმძღვანელობდა.

ხერსონის ოლქი რუსეთმა ფსევდორეფერენდუმების ჩატარების შემდეგ საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადა. როგორც კრემლში ამბობენ, ანექსირებულ ტერიტორიებს ყველა არსებული საშუალებით "დაიცავენ".

კომენტარები