რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვა: კრეისერი МОСКВА ბუქსირებისას ჩაიძირა

კრეისერი მოსკოვი
TASS

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კრეისერი МОСКВА ბუქსირებისას ჩაიძირა.   

"კრეისერმა МОСКВА-მ პორტში ბუქსირებისას საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად მიღებული კორპუსის დაზიანების გამო სტაბილურობა დაკარგა. შტორმის დროს ზღვის ღელვის გამო კრეისერი ჩაიძირა". - ნათქვამია განცხადებაში. 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა, ოლექსი არესტოვიჩმა დღეს, 14 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ МОСКВА ჩაიძირა, თუმცა რუსეთი ამტკიცებდა, რომ კრეისერი ცურვას განაგრძობდა. ინფორმაცია, რომ გემზე აფეთქება მოხდა, თუმცა ის არ ჩაძირულა, გაავრცელა პენტაგონმაც.

13 აპრილს რუსეთის შეიარაღებული ძალების კრეისერ МОСКВА -ს ნეპტუნის ტიპის რაკეტები მოარტყეს. ინფორმაცია უკრაინულ მედიას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, მაკსიმ მარჩენკომ მიაწოდა. ასევე, მისი თქმით, ეს ის გემია, რომელიც კუნძული ზმეინის მცველებმა ცნობილი მიმართულებით გაუშვეს.

"დამტკიცდა, რომ სარაკეტო კრეისერი МОСКВА დღეს სწორედ იქ წავიდა, სადაც კუნძული ზმეინის ჩვენმა მესაზღვრეებმა გაუშვეს!". – თქვა მარჩენკომ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს

კომენტარები