რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, დონეცკში პავლოვკის დასახლება დაიკავეს

რუსი ოკუპანტი უკრაინაში.
სტანისლავ კრასილნიკოვი/ТАСС

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათმა ძალებმა უკრაინის დონეცკის ოლქში მდებარე სოფელი პავლოვკა დაიკავეს. 

სოფელ პავლოვკას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. დასახლებისთვის ბოლო კვირებში მძიმე შეტაკებები მიმდინარეობდა. 

როგორც რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წერს, "დასახლებული პუნქტის აღება დონბასში რუსი სამხედროების სამომავლო იერიშისთვის პლაცდარმს ხსნის".

პავლოვკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერჯერობით უკრაინა არ ავრცელებს.

გასულ დღეებში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ოკუპანტებმა სოფელ პავლოვკასთან დიდი დანაკარგები განიცადეს, რასაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფდა.

6 ნოემბერს რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის საზღვაო ქვეითთა 155-ე ბრიგადამ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფთან კავშირში მყოფ ტელეგრამ-არხზე, GREY ZONE-ზე გაავრცელა წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მათმა დანაყოფმა დონეცკის რეგიონში 4 დღეში 300 კაცი და ტექნიკის ნახევარი დაკარგა.

საზღვაო ქვეითთა წერილში ასევე ეწერა, რომ ოფიცრებს პავლოვკის დასახლების აღება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გვერდის ავლით სურდათ, შედეგად, როგორც დონეცკელი სეპარატისტების ე.წ. სახელწმიფო უსაფრთხოების ყოფილი მინისტრი, ალექსანდრ ხოდაკოვსკი წერს, ბრიგადა ყველა მხრიდან ცეცხლში მოექცა.

წერილის გავრცელებამდე რუსული პროპაგანდისტული ВГТРК-ს კორესპონდენტი, ალექსანდრ სლადკოვი წერდა, რომ 155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის სამხედროები, სოფელ პავლოვკაზე თავდასხმის შედეგად დიდ "გამოუსადეგარ" დანაკარგებს განიცდიდნენ.

კომენტარები