რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვაგნერის ჯგუფი უკრაინაში ომში ჩასათრევად 1 500 მსჯავრდებულის გადაბირებას ცდილობს – აშშ

ვაგნერის ჯგუფის დაქირავებული მებრძოლები

აშშ-ს თავდაცვის მაღალჩინოსნების ცნობით, რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი 1 500-ზე მეტი მსჯავრდებულის გადაბირებას ცდილობს, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულ ომში მონაწილეობა მიაღებინონ. მათ დიდ ნაწილს ომში წასვლა არ სურს.  

"ჩვენი ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ვაგნერი უკრაინაში დიდ ზარალს განიცდის, განსაკუთრებით ახალგაზრდა და გამოუცდელ მებრძოლებს შორის", - აღნიშნა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებთან ანონიმურობის დაცვით. 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ჯგუფი არ წარმოადგენს რუსეთის სახელმწიფოს, მაგრამ კერძო სამხედრო კონტრაქტორებს აქვთ უფლება იმუშაონ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სანამ ისინი არ არღვევენ რუსეთის კანონებს.

მანამდე, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გუნდმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, მათი მტკიცებით, ჩანს რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის სავარაუდო დამფინანსებელი, რუსი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი.

ნავალნის ჯგუფის თქმით, პირი, რომელიც, სავარაუდოდ, პრიგოჟინია, რუსეთის მარი-ელის რესპუბლიკაში მდებარე ერთ-ერთ კოლონიაში პატიმრებს ვაგნერის ჯგუფში ჩასაწერად და უკრაინაში საბრძოლველად იბირებს.

პატიმრების გადმომბირებელი ჩანაწერში ამბობს, რომ მინიმალური ასაკი, ვისაც მიიღებენ, 22 წელია, მაქსიმალური კი – 50. 22 წელზე უმცროსებს დასჭირდებათ თანხმობის საბუთი ნათესავებისგან. მისივე თქმით, თუ ვაგნერში გაწევრიანების მსურველი 50 წელს არის გადაცილებული, მაგრამ ძლიერია, ადგილზე ჩაუტარებენ ტესტირებას. 

რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ყველაზე ცნობილია ვაგნერის ჯგუფი, რომელსაც ბრალი ედება ომის დანაშაულების ჩადენასა და ადამიანთა უფლებების დარღვევებში უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

დაჯგუფება ვაგნერს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენს ევგენი პრიგოჟინს უკავშირებენ. ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, დაჯგუფებას პრიგოჟინი აფინანსებს. კრემლთან ახლო კავშირების გამო პრიგოჟინს პუტინის მზარეულს ეძახიან. მას ევროკავშირის და აშშ-ს სანქციები უკვე დაწესებული აქვს, ლიბიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისა და აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. პრიგოჟინი ვაგნერთან კავშირს უარყოფს.

ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირმა რუსულ დაჯგუფება ვაგნერს და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა.

2 წლის წინ უკრაინის დაზვერვა ვაგნერის მებრძოლების მოტყუებასა და დაკავებას გეგმავდა, თუმცა სპეცოპერაცია წარუმატებლად დასრულდა და ბელარუსში ჩაიშალა.

ვაგნერის დაქირავებული მებრძოლების შესახებ გამოცემა New Lines-ში გამოქვეყნებულ სტატიას ქართულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ – რუსეთის ბნელი არმიის დაცემული დაქირავებული მებრძოლები.

კომენტარები