რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კირილოვი: აშშ მუშაობს დაავადებების გადამტან ღამურებზე, ქართულ ლაბორატორიაშიც

იგორ კირილოვი

რუსეთის ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის (РХБЗ) უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი აშშ-ს კვლავ ადანაშაულებს ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობაში, კერძოდ დაავადებების გადამტან ღამურებზე ცდების ჩატარებაში. მისი თქმით, მსგავსი კვლევები ტარდებოდა საქართველოშიც. 

"საინტერესოა პროექტი პ-781, რომელშიც ბიოლოგიური იარაღის ბიოაგენტების გადამტანად განიხილება ღამურები. კვლევების პრიორიტეტებია ბაქტერიულ-ვირუსული პათოგენები, რომელთა გადაცემაც შესაძლებელია ღამურების მიერ და იწვევს შავ ჭირს, ლეპტოსპეროზს, ბრუცელოზს, ასევე კორონავირუსებსა და ფილოვირუსებს. ყურადღების მიმპყრობია ის ფაქტი, რომ კვლევები ტარდება რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, შავიზღვისპირეთის რაიონში, კავკასიაში. პროექტი ორგანიზებულია არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ პენტაგონის მიერ კონტროლირებულ ქართულ ლაბორატორიებში, ვირჯინიის პოლიტექნიკური ინსტიტუტთან და აშშ-ს გეოლოგიური სამსახურთან კოოპერაციით", - ამბობს კირილოვი. 

ბოლო დღეებში ბრალდებები ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობის შესახებ კრემლის პროპაგანდის აქტუალური ნაწილი გახდა. 

გუშინ კრემლის პროპაგანდისტმა, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ უკრაინაში არსებული ამერიკული ლაბორატორიების შესახებ ისაუბრა და შეერთებული შტატები, კიევთან ერთად, ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღებზე მუშაობაში დაადანაშაულა. რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა საუბარში კიდევ ერთხელ ახსენა საქართველოში მყოფი ლუგარის ლაბორატორიაც.

პარალელურად, თეთრი სახლის სპიკერის, ჯენ ფსაკის თქმით, ბიოლოგიურ იარაღზე წამოწყებული დეზინფორმაციის ფონზე, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავდეს.

ამას გარდა, გასულ დღეებში რუსმა უფროსმა გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა წამოაყენა ბრალდება, რომ ღორის გრიპი, რომელიც 2007 წლიდან ვრცელდება, საქართველოს ლაბორატორიაშია გამოყვანილი.

"ჩვენ გვჯერა, რომ 2007 წელს პენტაგონის მიერ საქართველოს ბიოლოგიურ ლაბორატორიაში მაღალი ინფიცირების მაჩვენებლიანი ღორის გრიპის შტამი შეიქმნა. მისმა გავრცელებამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა უამრავ სახელმწიფოს, მათ შორის უკრაინასა და პოლონეთს და გამორიცხა ისინი ღორის ხორცის ექსპორტიორებისგან". – ამბობდა რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი.

ეს რუსეთის მხრიდან საქართველოში არსებული  ლაბორატორიების წინააღმდეგ პირველი გაჟღერებული ბრალდება არ არის. 

რუსეთმა ჰიბრიდული ომი ლუგარის კვლევით ცენტრს ჯერ კიდევ მაშინ გამოუცხადა, როდესაც ლაბორატორიის მშენებლობაც კი არ იყო დასრულებული. მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდის მანქანა, სხვადასხვა გზით, იქნებოდა ეს კრემლის მედია, თუ თავად რუსი მაღალჩინოსნების, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის საჯარო განცხადებები, არაერთ ტყუილს ავრცელებდა ლაბორატორიის შესახებ.

რუსეთი საქართველოსგან მოითხოვს, ჰქონდეს ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტის და ყველა შენობასა და დოკუმენტზე წვდომის უფლება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება 2020 წლის 28 მაისს გამოაქვეყნა. რუსეთი აცხადებს, რომ, შესაძლოა, საქართველოში "ამერიკული საომარი და ბიოლოგიური მოქმედებები მიმდინარეობდეს".

უფრო მეტი ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობისა და ისტორიის შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები