დუგინის შვილის აფეთქება

ФСБ დარია დუგინას მკვლელობის მომზადებაში უკრაინის კიდევ ერთ მოქალაქეს სდებს ბრალს

დარია დუგინა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობის მომზადებაში ბრალს  უკრაინის კიდევ ერთ მოქალაქეს, ბოგდან ციგანენკოს სდებს. 

ФСБ-ს ინფორმაციით, ბოგდან პეტროვიჩმა ნატალია ვოვკთან ერთად მოსკოვში მოამზადა დუგინას მკვლელობა და რუსეთის ტერიტორია აფეთქებამდე ერთი დღით ადრე დატოვა.

"შემდგომი ღონისძიებებით დადგინდა, რომ დარია დუგინას მკვლელობას ნატალია ვოვკთან ერთად მოსკოვში უკრაინის დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის კიდევ ერთი წევრი და უკრაინის მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული ბოგდან პეტროვიჩ ციგანენკო ამზადებდა, რომელიც რუსეთში ესტონეთის გავლით მოხვდა 2022 წლის 30 ივლისს და  რუსეთის ტერიტორია დარია დუგინას აფეთქებამდე ერთი დღით ადრე დატოვა". აცხადებენ ФСБ-ში.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში (ФСБ) 22 აგვისტოს განაცხადეს, რომ რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობი საქმე გახსნეს.

აფეთქების მოწყობაში ბრალს 1979 წელს დაბადებულ ნატალია ვოვკს სდებენ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. ФСБ-ს მტკიცებით, მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ არის მოწყობილი.

"დადგენილია, რომ დანაშაული მომზადებული და ჩადენილია უკრაინის სპეცსამსახურების მიერ. შემსრულებელი არის უკრაინის მოქალაქე, ვოვკი ნატალია, პავლეს ასული, დაბადებული 1979 წელს". – აცხადებენ ФСБ-ში.

ФСБ-ს მტკიცებით, ნატალია ვოვკი 12 წლის ქალიშვილთან ერთად რუსეთში 23 ივლისს ჩავიდა. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ვოვკს ნაქირავები ჰქონდა ბინა სახლში, სადაც დარია დუგინა ცხოვრობდა, რათა მასზე ინფორმაცია მოეპოვებინა.

ФСБ-ში ამბობენ, რომ აფეთქების დღეს, ნატალია ვოვკი იმყოფებოდა ლიტერატურულ-მუსიკალურ ფესტივალ ტრადიციაზე, სადაც დუგინა სტუმრად იყო მიწვეული.

რუსეთის უსაფრთხოების ბრალდებით, ვოვკმა დუგინას მანქანა დისტანციურად, კონტროლირებადი მექანიზმის მეშვეობით ააფეთქა, რის შემდეგაც ქალიშვილთან ერთად ფსკოვის ოლქის გავლით ესტონეთში გადავიდა.


20 აგვისტოს მანქანა, რომელშიც დარია დუგინა იჯდა, მოსკოვის გარეუბანში აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ის ადგილზევე დაიღუპა. როგორც რუსულ მედიაში წერენ, მანქანა, რომლითაც დარია დუგინა ღონისძიებაზე იმყოფებოდა, ალექსანდრ დუგინს ეკუთვნის. დაღუპულის ნაცნობის თქმით, თავად ალექსანდრ დუგინი ღონისძიებაზე სხვა ტრანსპორტით მივიდა. ალექსანდრ დუგინი აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზეც გამოჩნდა.

მანქანის აფეთქების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა BAZA-მ გაავრცელა. აფეთქება მოსკოვის დროით, დაახლოებით, 22:00 საათზე მოხდა და გამოცემის ცნობით, აფეთქების მიზეზის შესახებ მთავარი ვერსია მკვლელობის მცდელობაა.

უკრაინის ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერი, დენის პუშილინი კრემლის ულტრა მემარჯვენე პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინის აფეთქებას უკრაინას აბრალებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას არაფერი აქვს საერთო დარია დუგინას მანქანის აფეთქებასთან.

აქამდე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და რუსეთში აკრძალული პლატფორმის, Утро Февраля-ს ცნობით, დუგინის შვილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ აიღო. Утро Февраля-ს დამფუძნებლის, პოლიტიკოს ილია პონომარიოვის ცნობით, დაჯგუფება პასუხისმგებლობას იღებს ბოლო პერიოდში რუსეთში სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტის აფეთქებაზეც. 

ილია პონომარიოვმა ეთერში წაიკითხა ეროვნული რესპუბლიკური არმიის მანიფესტიც, რომელიც Утро Февраля-ს ტელეგრამ-გვერდზე გამოქვეყნდა. მანიფესტში დაჯგუფება პუტინისა და მისი თანამზრახველების განადგურებით იმუქრება და წერს, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს მათგან საფრთხე არ ემუქრება.

რუსეთის სამთავრობო მედია Sputnik-ი რუს პროპაგანდისტზე, სერგეი მარკოვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კრემლის პუტინისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი შვილის, დარია დუგინას გარდაცვალების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დარია დუგინა 2022 წლის ივლისში დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. დარია დუგინა მუშაობდა მამამისის მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო ევრაზიულ მოძრაობაში.

 

კომენტარები