რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზალუჟნი: ყირიმის აეროდრომზე აფეთქებები ჩვენი სამხედროების სარაკეტო დარტყმების შედეგი იყო

ვალერი ზალუჟნი

"ყირიმის აეროდრომზე აფეთქებები უკრაინელი სამხედროების სარაკეტო დარტყმების შედეგი იყო". - წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი უკრაინული მედია Ukrinform-ის სტატიაში

ზალუჟნი და სტატიის თანაავტორი, უმაღლესი რადას დეპუტატი მიხეილ ზაბროდსკი რუსეთთან ომის თავიანთ ხედვასა და მომავალი წლის პერსპექტივებზე წერენ. კერძოდ, ისინი რუსეთის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის მნიშვნელობაზე საუბრობენ, რათა ოკუპანტებმა ეს ომი არ აღიქვან, როგორც რაღაც "შორეული". 

"ამ მიდგომის სისწორის დამაჯერებელი მაგალითია უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული ძალისხმევა, საომარი მოქმედებების დროებით ოკუპირებული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადატანა. საუბარია მტრის საჰაერო ბაზებზე სარაკეტო დარტყმების სერიაზე, პირველ რიგში, საკის აეროდრომზე". - წერია სტატიაში. 

20 აგვისტოს, ოკუპირებულ ყირიმში რუსი ოკუპანტების თქმით, ყირიმის დასავლეთით, სევასტოპოლსა და სოფელ ოლენევკაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა გააქტიურდა. ხოლო 18 აგვისტოს აფეთქებები ყირიმში რუსეთის უდიდეს ავიაბაზასთან, ბელბეკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე მოხდა.

ასევე, 9 აგვისტოს ყირიმში, ნოვოფედოროვკაში, ფრონტის ხაზიდან 200 კმ-ზე განთავსებულ რუსეთის საჰაერო ძალების ავიაბაზაზე ძლიერი აფეთქება მოხდა.

Reuters-ის ცნობით, ადგილობრივი დროით 15:30-ზე ერთი წუთის განმავლობაში სულ მცირე 12 სხვადასხვა ინტენსივობის აფეთქება გაისმა. მათ შორის 3 განსაკუთრებით მასშტაბური იყო, რომელმაც კვამლი გამოიწვია. თვითმხილველების თქმით, აფეთქების გამო ახლომდებარე ქალაქ საკიში სირენები ჩაირთო.

კომენტარები