რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევის ოლქში უკრაინელი სამხედროები თავს იცავენ და კონტრშეტევაზე გადადიან – დენისენკო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ვადიმ დენისენკო ამბობს, რომ კიევის ოლქში უკრაინელი სამხედროები თავს იცავენ და კონტრშეტევაზე გადადიან.

დენისენკოს კომენტარს უკრაინული მედია, Unian-ი ტელეგრამ არხზე ავრცელებს. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე 25 მარტის განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა: 

"დაიწყო უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის 30-ე დღე რუსეთის შემოჭრის შემდეგ. თავდაცვის ძალების ჯგუფი აღმოსავლეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით თავდაცვით ოპერაციას აგრძელებენ. გაერთიანებული ძალები მყარად იცავენ თავს დონეცკის, სლობოჟანსკისა და ტავრიის ტერიტორიებზე. მათი ძალისხმევა მიმართულია მტრის მიერ გარღვევის თავიდან აცილებაზე.  

წინა დღის (24 მარტი) განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 9 შეტევა, გაანადგურეს 12 ტანკი, დაახლოებით, 20 ერთეული ჯავშანტექნიკა და 9 საარტილერიო სისტემა. მტერმა 200-ზე მეტი სამხედრო დაკარგა. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს 2 თვითმფრინავი და მტრის 2 უპილოტო საფრენი აპარატი. 

საჰაერო ძალების ჯგუფმა გასულ დღეს შეუტია მტრის 6 საჰაერო სამიზნეს - 1 თვითმფრინავს, 1 უპილოტო საფრენ აპარატსა და 4 ფრთოსან რაკეტას.  

[...] ვოლინში თავდაცვის ძალების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია სახელმწიფო საზღვრის დაცვაზე. თავდაცვის ოპერაცია სივერსკის რეგიონშიც გრძელდება. ჯარს უჭირავს ქალაქი ჩერნიგოვი და ხელს უშლის მტრის წინსვლას კიევის მიმართულებით. ამავდროულად, კიევში სამხედროები აგრძელებენ მტრის თავდასხმის მოგერიებას, ცეცხლის გახსნასა და თავდაცვის ყველა განსაზღვრული ხაზის შენარჩუნებას. სამხრეთში თავდაცვის ოპერაცია გარკვეულ ოპერატიულ ზონაში გრძელდება, მიმდინარეობს სტაბილიზაციის ოპერაცია და ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების შესრულება.

რუსული ტერორისტული ძალები აგრძელებენ ბრძოლას, შეგნებულად არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონსა და ომის წესებს. გჯეროდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების! Შეინარჩუნეთ სიმშვიდე! დიდება უკრაინას!" - ვკითხულობთ განცხადებაში. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები