დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

დონბასის დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი და რუსეთი სამხედრო წვრთნებს აგრძელებენ

AP

 

რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს აგრძელებენ. 10 თებერვალს დაწყებული წვრთნები 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო. წვრთნების გაგრძელების ოფიციალური მიზეზი უკრაინაში, დონბასში მდგომარეობის გამწვავებაა

"საკავშირო სახელმწიფოს საზღვრებთან სამხედრო აქტივობის ზრდის და დონბასში სიტუაციის გამწვავების ფონზე ბელარუსის რესპუბლიკის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებმა მიიღეს გადაწყვეტილება გაგრძელდეს მოკავშირე სახელმწიფოს რეაგირების ძალების შემოწმება." - თქვა ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ნათელია რომ რუსეთის და ბელარუსის მახლობლად სამხედრო აქტივობა ამ ორი სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული.

"მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე შეიქმნა სამხედრო ძალების მრავალი დაჯგუფება, მათ შორის მესამე ქვეყნების დაჯგუფებები. აწეულია NATO-ს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დანაყოფების მზადყოფნა. უკრაინაში ე.წ სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში მზადყოფნა შემცირებულია 7-იდან 5-დღემდე.

ჩვენს მეზობელს ქვეყნებს საგანგებოდ, დაუგეგმავი წესით აწვდიან უახლეს იარაღს ამასთანავე პრიორიტეტს ანიჭებენ თანამედროვე თავდასხმით საშუალებებს.

მოდერნიზებულია სამხედრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები. გაიზარდა საკავშირო სახელმწიფოს საზღვრებთან ჩატარებული წვრთნების და ოპერაციების რაოდენობა. ასევე აშკარაა, რომ ისინი მიმართულია რუსეთისა და ბელორუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ." - თქვა ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა.

რუსეთის და ბელარუსის ერთობლივი წვრთნები ბელარუსის ტერიტორიაზე 10 თებერვალს დაიწყო და 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო. რუსეთის და ბელარუსის ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ წვრთნების შემდეგ რუსეთის სამხედრო ნაწილები მუდმივი დისლოკაციის პუნქტებს დაუბრუნდებოდნენ.

ბელარუსში რუსეთის ჯარების ნაწილების განლაგებამ შექმნა საფრთხე, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთი თავდასხმას რამდენიმე მიმართულებიდან დაიწყებდა. დასავლური სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, შეჭრას გეგმავს არა მხოლოდ აღმოსავლეთიდან, დონბასის გავლით, არამედ ჩრდილოეთიდან, ბელარუსიდან და გეგმავს კიევის ალყაში მოქცევას.

აშშ-ს მთავრობის ბოლო შეფასებებით უკრაინის საზღვრებს გარშემო, რუსეთის და ბელარუსი ტერიტორიაზე და ასევე უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში მთლიანობაში 169 000-190 000 რუსი სამხედროა განლაგებული.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. 18 თებერვალსვე უკრაინის ოკუპირებულ ტერიორიებზე დონეცკსა და ლუგანსკში  მარიონეტმა ლიდერებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს და მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისკენ მოუწოდეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში რუსული სპეცსამსახურები რამდენიმე სამოქალაქო ობიექტის აფეთქებასა და ამაში უკრაინის დადანაშაულებას აპირებენ.

დონეცკის მარიონეტი ლიდერის ბრალდებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს იყრიან ოკუპირებული დონბასის შემოგარენში და მზად არიან თავდასხმისთვის. აქამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმას არ აპირებენ.

დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

კომენტარები