რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: ხერსონიდან უკან დახევა რუსული ძალების სირთულეების საჯარო აღიარებაა

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, ხერსონიდან რუსული ჯარების უკან დახევა არის საჯარო აღიარება იმ სირთულეებისა, რომლებსაც რუსული ძალები აწყდებიან მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე. 

2022 წლის 11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხერსონიდან მათი ძალების გაყვანა დასრულდა. დიდი ალბათობით, მათ გაანადგურეს საავტომობილო და სარკინიგზო ხიდები მდინარე დნეპრზე.

განცხადების მიხედვით, სავარაუდოა, რომ გაყვანის პროცესი 2022 წლის 22 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც ოკუპანტებმა ხერსონში სამოქალაქო მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდეს. არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსული სამხედრო ტექნიკა და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი სამხედრო ძალები ევაკუაციას ახდენდნენ 80 000 სამოქალაქო პირთან ერთად.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ხერსონი იყო ერთადერთი დიდი რეგიონული ქალაქი, რომელიც თებერვლის შემდეგ რუსების მიერ იყო ოკუპირებული. ამის გათვალისწინებით, ოკუპანტებისთვის ხერსონის ოლქიდან უკან დახევას დიდი რეპუტაციული ზიანი მოაქვს. 

სავარაუდოა, რომ უკრაინამ დაიბრუნა ხერსონის ოლქის ტერიტორიები მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირზე. ამასთან ერთად, ისინი ხერსონს დიდწილად უკვე აკონტროლებენ. სავარაუდოა ისიც, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს ოლქის სხვა ტერიტორიებიდან ძალების გაყვანას მდინარის აღმოსავლეთ ნაპირზე, თავდაცვით პოზიციებზე - ირკვევა დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციიდან.

 

კომენტარები