რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონი: რუსეთის მიერ ბინძური ბომბის გამოყენებას შედეგები მოჰყვება, გავაფრთხილეთ

პენტაგონის პრესსპიკერი, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალი პატ რაიდერი
defense.gov / Navy Petty Officer 2nd Class Alexander Kubitza

პენტაგონის პრესსპიკერის, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალი პატ რაიდერის თქმით, აშშ-მ რუსეთი სხვადასხვა დონეზე გააფრთხილა, რომ უკრაინაში "ბინძური ბომბის" გამოყენებას შედეგები მოჰყვება.

ასევე, რაიდერმა აღნიშნა, რომ აშშ-მ რუსეთს "ბირთვული იარაღის ჟღარუნთან" დაკავშირებული შეშფოთებები აცნობა. 

ამას გარდა, პენტაგონის სპიკერმა თქვა, რომ აშშ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის ან "ბინძური ბომბის" გამოყენების ნიშნებს ვერ ხედავს.

"ამ დროისთვის არ შეგვიმჩნევია რაიმე ნიშანი, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღის ან ბინძური ბომბის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, კვლავ აღვნიშნავ, ამ საკითხზე ყურადღებით დაკვირვებას განვაგრძობთ". – თქვა გენერალმა რაიდერმა.

პენტაგონის სპიკერმა რუსეთის ბრალდებას, თითქოს უკრაინა "ბინძური ბომბის" გამოყენებას აპირებს, კიდევ ერთხელ უწოდა სიცრუე.


23 ოქტომბერს სერგეი შოიგუმ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან საუბრის დროს უკრაინის მხრიდან "ბინძური ბომბის" გამოყენების საფრთხეზე ისაუბრა. ამავე საკითხზე ესაუბრა აშშ-ს თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინსაც.

სერგეი შოიგუს ბრალდება Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში უარყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. მისი თქმით, რუსები ხშირად სხვებს აბრალებენ იმას, რასაც თავად გეგმავენ.

აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობებმა ერთობლივ განცხადებაში რისეთის ბრალდებას "ცხადი სიცრუე" უწოდეს. დასავლეთში ფიქრობენ, რომ რუსეთი "ბინძური ბომბის" საბაბს, შესაძლოა, ესკალაციისთვის იყენებდეს.

კიევის მოთხოვნით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ორ ბირთვულ ობიექტზე, სადაც, რუსეთის ბრალდებით, უკრაინა "ბინძურ ბომბებზე" მუშაობს, ინსპექტორებს შესამოწმებლად გაგზავნის.

ამას გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოზე "ბინძური ბომბის" საკითხის განხილვას აპირებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათი ძალები მზად არიან რადიოაქტიური დაბინძურების პირობებში სამუშაოდ.

"ბინძურ ბომბს" უწოდებენ კუსტარულად დამზადებულ დაბალი სიმძლავრის ბირთვულ იარაღს.

კომენტარები