რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი მაისში ლუგანსკისა და დონეცკის ანექსიას გეგმავს

სეპარატისტები დონბასის რეგიონში

აშშ-ს ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა თქვა, რომ ამერიკის დაზვერვის "მაღალი სანდოობის" მქონე ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია მაისის შუა რიცხვებში ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ანექსიას აპირებს. ამას გარდა, იგეგმება ხერსონის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის შექმნაც, რომელიც მომავალაში ასევე ანექსირებული იქნება. 

"ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთს აქვს გეგმები დაახლოებით მაისის შუა რიცხვებში ჩაატაროს რეფერენდუმი რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით, ასევე, მოსკოვი განიხილავს ასეთივე გეგმას ხერსონისთვისაც". – თქვა კარპენტერმა.

ასევე, კარპენტერმა დაამატა, რომ რუსი ოკუპანტები, ცნობების მიხედვით, კონტროლირებადი ქალაქებიდან იტაცებენ ადგილობრივ მაღალჩინოსნებს, რათა ჩაანაცვლონ "ჯგუფებით, რომლებიც მოსკოვის მიმართ ერთგულები არიან". მისი თქმით, ქრებიან სკოლის დირექტორები, ჟურნალისტები, ადგილობრივი აქტივისტები, მუნიციპალური თანამდებობის პირები.

"ახლახანს იყო ცნობები, რომ რუსეთის ძალებმა ჩაჭრეს ინტერნეტი და ბოჭკოვანი სატელეფონო კავშირები ამ რეგიონებში, რათა ინფორმაციის დინება შეზღუდონ". – დაამატა აშშ-ს ელჩმა ეუთო-ში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები