COVID 19

როგორ მოვედით აქამდე –​​​​​​​ Covid-19-ის პანდემიის მოკლე ქრონოლოგია

COVID 19

როგორ მოვედით აქამდე –​​​​​​​ Covid-19-ის პანდემიის მოკლე ქრონოლოგია

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შეატყობინა უცნობი მიზეზით გამოწვეულ პნევმონიის შემთხვევების შესახებ ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ უხანში. თუმცა ახალი კორონავირუსის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა ჩინეთში, ხუპეის პროვინციაში, შესაძლოა, ნოემბერში გამოჩნდა. ერთ-ერთმა პირველმა პაციენტმა თავი შეუძლოდ 10 დეკემბერს იგრძნო.

ინფიცირებულთა ნაწილს აკავშირებდა უხანის ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც, სავარაუდოდ, გარეული ცხოველებიც იყიდებოდა. 1-ელ იანვარს ეს ბაზარი დაკეტეს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ 3 იანვარს ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ ბრძანება გასცა, ვირუსის ნიმუშები განადგურებულიყო.

მაისში გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯანმო-ს 31 დეკემბერს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც, ჩინეთში ატიპური პნევმონია დაფიქსირდა და პაციენტები იქ იზოლაციაში ჰყავდათ, რაც ვირუსის ადამიანიდან ადამიანისთვის გადაცემაზე მიუთითებდა, თუმცა მათ გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქციეს.


9 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ ახალი კორონავირუსი დაავადების შესაძლო გამომწვევია. სამედიცინო ჟურნალში The Lancet მეცნიერები წერენ, რომ ჩინეთმა ვირუსის გენომის შესახებ ინფორმაცია 12 იანვარს გასცა, წინასაწარი გენომის სეკვენირების მიღებიდან 17 დღის შემდეგ.


13 იანვარს პირველად ჩინეთს გარეთ, ტაილანდში, ახალი კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა.


"ჩინელი მაღალჩინოსნების თავდაპირველი გამოძიებით, ჩინეთში, უხანში იდენტიფიცირებული ახალი კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანისთვის გადადების ნათელი მტკიცებულება ვერ იპოვეს," - ჯანმო, 2020 წლის 14 იანვარი.


20 იანვარს ჩინეთის ეროვნული ჯანმრთელობის კომიტეტმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალი კორონავირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადადის ადამიანიდან ადამიანზე. 


საქართველოში 22 იანვარს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კითხვაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი გასცემს თუ არა რეკომენდაციას თბილისი-პეკინის მიმართულებით ფრენების შეწყვეტაზე, გამყრელიძე პასუხობს - "არავითარი ასეთი საერთაშორისო რეკომენდაცია არ არის, იგივე არავითარი ფრენა არ წყდება თვითონ უხანშიც. ჩინეთიდან ჩვენ გვაქვს ორი რეისი, რომელიც მოფრინავს პეკინიდან - ერთი ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში ტრანზიტით და შემდეგ თბილისში".


23 იანვარს უხანი ჩაკეტეს

Source: KITV

NYT წერს, რომ მხოლოდ იანვარში, სანამ სამოგზაურო შეზღუდვებს შემოიღებდნენ, ქალაქი 7-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა. ვირუსი ვრცელდებოდა ჩინეთში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.


29 იანვარს საქართველომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყვიტა.


30 იანვარს ჯანმო-მ ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

30 იანვარს ჩინეთს გარეთ 18 ქვეყანაში ვირუსის უკვე 82 შემთხვევა იყო გამოვლენილი, ვირუსი გლობალურად ვრცელდებოდა.


30 იანვარს საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმითიმ შემთხვევაში, თუ საქართველოში გამოვლინდება მსგავსი ვირუსი, "ჯანდაცვის სისტემა დღეს სრულად არის მზად, შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას".


“ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს რესურსი, რომ გავუმკლავდეთ ახალ კორონავირუსს, ვინაიდან ეს არის ტიპურად მიმდინარე ვირუსი, მთავარი რაც არის ამ შემთხვევაში, არის ის, რომ დროულად იქნეს აღმოჩენილი დახმარება”. - საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე. 3 თებერვალი


ოფიციალური ინფორმაციით, 2 თებერვალს ჩინეთს გარეთ ახალი კორონავირუსით პირველი ადამიანი ფილიპინებში გარდაიცვალა.


7 თებერვალს ჩინელი ექიმი ლი ვენლიანგი, რომელმაც დეკემბერში SARS-ის კორონავირუსის მსგავსი ვირუსის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა, ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა. 

"უხანის განგაშის ამტეხი" ლი ვენლიანგი ერთ-ერთია იმათგან, ვისაც ვირუსის გავრცელების პირველ კვირებში "არალეგალური და ცრუ" ინფორმაციის გავრცელების გამო პოლიციამ საყვედური უთხრა და გააფრთხილა, ყალბი ამბების გავრცელება შეეწყვიტათ. 3 იანვარს ლი აიძულეს, ხელი მოეწერა წერილზე, სადაც მას "სოციალური წესრიგის არევაში" ადანაშაულებდნენ და სასჯელით ემუქრებოდნენ. მისი ამბავი კომუნისტურ ჩინეთშიც გავრცელდა და ამას სოციალურ ქსელში მთავრობის მიმართ ბრაზი მოჰყვა. 

Source: Twitter/Badiucao

9 თებერვალს ჩინეთში ახალი კორონავირუსით ოფიციალური მონაცემებით გარდაცვლილთა რიცხვმა გადააჭარბა 2002 წელს გავრცელებული სხვა ტიპის კორონავირუსის, SARS-ით გარდაცვლილთა რიცხვს. ამ დროს ჩინეთში ახალი ვირუსით 800-ზე მეტი ადამიანი იყო გარდაცვლილი.


24 თებერვლიდან ევროპაში, იტალიაში, ახალი კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იმატა. 9 მარტს იტალიაში კარანტინი გამოაცხადეს.


ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო ნელ-ნელა პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია არაერთ ქვეყანაში სავალდებულო გახდა. არაერთ ქვეყანაში დაიწყეს მასობრივი ტესტირება, საველე ჰოსპიტალების გახსნა და სხვა.


“ამ ვირუსს აქვს თავისი თვისებები და დათბობასთან ერთად, გაზაფხულთან ერთად, ეს გამოწვევაც გადაივლის” - ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით. 26 თებერვალი.


26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.


29 თებერვალს აშშ-ში ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა - შემთხვევა ვაშინგტონში მოხდა.


თებერვლის ბოლოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, ჩინეთის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ კორეაში იყო დადასტურებულიმაშინ ვირუსით დაავადების ნახევარზე მეტი შემთხვევა დაკავშირებული იყო ქალაქ დაეგუში რელიგიური ჯგუფის, შინჩონჯის ეკლესიასთან.

2 მარტს ეკლესიის ლიდერს, ლი მან ჰის ბრალი წარუდგინეს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვის გამო.


29 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებიდან გაირკვა, რომ საპატრიარქო ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს

1-ელ მარტს საქარველოს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ჟურნალისტების კითხვაზე მართლმადიდებელ ეკლესიაში ზიარების წესთან დაკავშირებით თქვა, რომ რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ვერ გასცემს. 


საქართველოში ახალი ვირუსის გამო შეზღუდვების შემოღება დაიწყეს. გააუქმეს ყველა საჯარო ღონისძიება, რომელიც მასობრივ თავშეყრას გულისხმობს. 

12 მარტს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ყველა სახელმწიფო და კერძო უწყებას მისცეს რეკომენდაცია, მაქსიმალურად გადასულიყვნენ დისტანციურ შრომაზე. 


ახალი კორონავირუსის გამო 4 მარტიდან სასწავლო პროცესი საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში შეწყდა.


10 მარტს ახალი კორონავირუსის შემთხვევები უკვე ევროკავშირის ყველა ქვეყანაში იყო დადასტურებული.

Source: BBC

მაშინ, როდესაც ჩინეთში ახალი კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევები ოფიციალური მონაცემების მიხედვით  კლებულობდა, 11 მარტს, ჯანმო-მ ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადება გადაწყვიტა.


12 მარტს ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) ტერორისტებს მოუწოდა, ახალი კორონავირუსის გამო ევროპის ქალაქებში ჯიჰადისგან თავი შეიკავონ.


13 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა


16 მარტს აშშ-ში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა დაიწყო


18 მარტს ახალი კორონავირუსის გამო, საქართველომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები დაკეტა.


21 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჩინეთი, რუსეთი და ირანის რეჟიმი ახალ კორონავირუსზე დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.


21 მარტს ახალი კორონავირუსის გამო საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა


21 მარტს საპარტიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ფარგლებში 10-კაციანი შეკრებების აკრძალვაზე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას საპატრიარქოში ესაუბრნენ და მან თქვა, რომ ეს პრინციპი ბუკვალურად არ უნდა გავიგოთ.

წყარო: მთავრობის ადმინისტრაცია

23 მარტს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი ჩაკეტეს. კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც გაირკვა, რომ 60 წელს გადაცილებული ქალს, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, სარიტუალო ღონისძებაში მონაწილეობდა და მას, სულ მცირე, 86 კონტაქტი ჰყავს. 


 23 მარტს ევროპაში ახალი კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ესპანეთში დადასტურდა


აპრილში ცნობილი გახდა, რომ აღდგომის ღამეს პატრიარქი ილია მეორე კანონდარღვევით წირავს. ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვა კვლავ გაგრძელდა. წირვის დასრულების შემდეგ მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. 


აპრილის დასაწყისში, თბილისის მერიის განცხადებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები განახორციელეს.

წყარო: თბილისის მერია

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 15 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა დააანონსა. მან განაცხადა, რომ ჯანმო-ს მოქმედებებმა ხელი შეუწყო ჩინეთის დეზინფორმაციას ახალი კორონავირუსის შესახებ, რამაც დაავადების უფრო მასშტაბური გავრცელება განაპირობა.

29 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან (WHO) ურთიერთობას წყვეტს


მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში Covid-19-ის გამო შემოღებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პირბადეების ტარების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.

20 აპრილს ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო დედაქალაქში კარანტინის მოხსნის მოთხოვნით გამართულ აქციას შეუერთდა. 


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ 17 აპრილს გამართულ ბრიფინგზე საქართველოში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ მოსკოვმა იცის ვაშინგტონის მიერ საქართველოსათვის ლუგარის ლაბორატორიაში სამხედრო კვლევების გაფართოების შეთავაზების შესახებ.

30 აპრილს ჩინეთში განაცხადეს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მდებარე აშშ-ს ლაბორატორიებმა, შესაძლოა, საზოგადოებრივ ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნან. 

რუსეთის და ჩინეთის დეზინფორმაციის კამპანია მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ ახალი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ დასვა კითხვები , აქვს თუ არა ვირუსის წარმოშობას კავშირი უხანის ლაბორატორიასთან.


ახალი კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე ჩინეთი დაავადების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მალავდა, რათა სამედიცინო აღჭურვილობის მარაგი შეექმნა - ინფორმაციას ამის შესახებ გაავრცელა AP-მ 4 მაისს აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურის დასკვნაზე დაყრდნობით. 


14 მაისს ევროკავშირმა წევრ ქვეყნებს ტურიზმისთვის ეტაპობრივად გახსნისაკენ მოუწოდა.


მაისიდან რუსეთში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 12 მაისს ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში აშშ-ს შემდეგ Covid-19 მსოფლიოში ყველაზე მეტ,  232 243 ადამიანს დაუდასტურდა.

14 მაისს მოსკოვის ჯანდაცვის უწყებამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ქალაქში ახალი კორონავირუსის მქონე პაციენტთა გარდაცვალების შემთხვევების 60% ოფიციალურ სტატისტიკაში არ აისახება. 


მაისიდან მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.

ახალ ზელანდიაში, შეზღუდვების შემსუბუქების აღსანიშნავად, მერი თოკით გადახტა.


საქართველოში 23 მაისიდან, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა. მოიხსნა ე.წ. კომენდანტის საათიც. თუმცა, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი არაერთი შეზღუდვა კვლავ ძალაში დარჩა.


ივნისში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდებოდა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშიც. 20 ივნისს ბრაზილიაში ახალი კორონავირუსის 1 032 913 შემთხვევა დადასტურდა. სხვა ქვეყნების ოფიციალურ სტატისტიკასთან შედარებით, ბრაზილია შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზე აღმოჩნდა


“თითქოს, მთელი მსოფლიო გაგიჟდა” - 24 ივნისს შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი ეკონომიკის ჩაკეტვაზე.

ტეგნელმა თქვა, რომ ვირუსის გავრცელების ადრეულ ეტაპზე მისი ფატალური რისკები სათანადოდ ვერ შეაფასა, თუმცა ის მაინც მიიჩნევს, რომ შვედეთის შედარებით რბილი მიდგომა გამართლებული იყო.


3 ივლისს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ახალ კორონავირუსთან გამკლავებაში მისმა ქვეყანამ "ბრწყინვალე წარმატებას" მიაღწია.

ოფიციალური და ჯანმო-ს ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევა არ დადასტურებულა, თუმცა ეს ინფორმაცია საეჭვოა.

აპრილში გავრცელდა ცნობები კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ჯანმრთელი იყო და გაჩნდა ვარაუდი, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი საჯარო ღონისძიებებს კორონავირუსის გადადების საფრთხის გამო არ ესწრებოდა. მიუხედავად ჩრდილოეთ კორეის მხრიდან უარყოფისა, სამხრეთ კორეული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ქვეყანაში, მათ შორის სამხედრო ძალებში ვირუსით დაავადების ათასობით შემთხვევა გამოვლინდა.


23 ივლისს კომუნა მზესუმზირამ, რომელიც ამავე სახელწოდების ფესტივალს უწევს ორგანიზებას, 24 ივლისის ღონისძიების გაუქმების შესახებ განაცხადა. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 17 ივლისს დაცული ჰქონდათ ყველა რეკომენდაცია, ისინი მაინც დააჯარიმეს 10 000 ლარით. შრომის ინსპექცია ამბობს, რომ ფესტივალი მზესუმზირა სამართლიანად დაჯარიმდა, ხოლო მათ მიერ გაკეთებული განცხადება, რომ 17 ივლისის ღონისძიებაზე ყველა რეკომენდაცია დაცული ჰქონდათ, დეზინფორმაციაა. 

პარალელურად, ხელისუფლება აცხადებდა, რომ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში დამთვალიერებლების ნაკადი არ წყდებოდა.

ტაბულამ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა კითხვით, რა პრინციპით ხელმძღვანელობს ხელისუფლება ობიექტების დაჯარიმების დროს, ვინაიდან არც ბიძინა ივანიშვილის დენროლოგიურ პარკში შესვლის მსურველები იცავენ დისტანციას. შრომის ინსპექციის განცხადებაში ამ კითხვაზე პასუხი არ არის.

დენდროლოგიური პარკის გახსნა

"მადლობა ჩვენს ეპიდემიოლოგებს და ექიმებს, მადლობა ქართული ოცნების გუნდს, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა და ქვეყანა დიდ განსაცდელს აარიდა" - 20 ივლისს ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების მაჟორიტარების წარდგენისას.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 11 აგვისტოს თქვა, რომ რუსეთმა ოფიციალურად დაამტკიცა მოსკოვში არსებული, გამალეიას ინსტიტუტის მიერ განვითარებული ახალი კორონავირუსის ვაქცინა


22 აგვისტოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრაიესუსის თქმით, იმედი აქვთ, რომ ახალი კორონავირუსის პანდემია ორ წელიწადში დასრულდება.


2 სექტემბერს საქართველოში ახალი კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 26 აჭარაში აღირიცხა.


22 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვირტუალურად სიტყვით გამოსვლის დროს, ორგანიზაციას მოუწოდა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიაზე მისი ქმედებების გამო ჩინეთს პასუხი აგებინოს


სექტემბერში საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. 24 სექტემბერს ახალი კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში დადასტურდა, თბილისში - 34. მაშინ საქართველოში ახალი კორონავირუსის სულ 4 399 შემთხვევა იყო დადასტურებული.


99 წლის ბრიტანელმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, ტომ მურმა გადაწყვიტა, იორქშირში საკუთარი სახლის 100-ჯერ შემოევლო გარშემო და დონაციები მიეღო ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისისთვის. მას ათასი ფუნტის მოგროვება სურდა იმ მედიკოსებისათვის, რომლებიც მას კიბოს და მოტეხილი ფეხის მკურნალობაში დაეხმარნენ. საბოლოოდ კაპიტანმა მურმა 39 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოაგროვა და ახალ კორონავირუსთან მებრძოლი ბრიტანეთის სიმბოლო გახდა. 

მოგვიანებით კაპიტანმა რაინდის წოდება მიიღო


10 ოქტომბერს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) საქართველოში სადამკვირველო მისიები შემაცირა. მიზეზად ეუთომ წევრი ქვეყნის მიერ მიწოდებული მოკლევადიანი დამკვირვებლების რაოდენობის სიმცირე დაასახელა, რაც ახალი კორონავირუსის პანდემიისა და მასთან დაკავშირებული ფრენების შეზღუდვითაა გამოწვეული.


“ჩვენ მსგავს ლოკდაუნს უკვე აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა უბრალოდ ამას ვერ გაუძლებს.” - 19 ოქტომბერს თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ.


შემოდგომიდან ახალი კორონავირუსის გამო ზოგიერთ ქვეყანში გარკვეული შეზღუდვა კვლავ შემოიღეს. 19 ოქტომბერს ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევების ზრდის გამო იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ შეზღუდვების გამკაცრების შესახებ განცხადება გააკეთა.

25 ოქტომბერს ესპანეთში ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევების ზრდის გამო კვლავ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

31 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა გამოაცხადა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ინგლისში 4 კვირით საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება


19 ოქტომბერს საქართველოში ახალი კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. რაც იმას ნიშნავს, რომ იმ დროს ბოლო 24 საათში Covid 19-ით სიკვდილის მაჩვენებელი მილიონ მოსახლეზე 3.7 იყო. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე მაღალი რიცხვი იყო მეზობელ ქვეყნებს შორის.


29 ოქტომბერს ტაივანში მე-200 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის შიდა გადაცემა არ დადასტურებულა.

გაზაფხულის შემდეგ შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა 22 დეკემბერს დადასტურდა.


31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობისთვის თვითიზოლაციასა და სამკურნალო დაწესებულებებში მყოფ მოქალაქეებს ხმის ამ ფორმით მისაცემად რეგისტრაციისთვის ცესკო-მ დრო 24-დან 26 ოქტომბრამდე მისცა.

“ვადა 24-დან 26 ოქტომბრამდე აბსოლუტურად არაგონივრული ვადაა. ერთი მხრივ, არ არის საკმარისი ეს დრო, რომ ადამიანები დაუკავშირდნენ, რადგან ხაზები არის გადატვირთული და, მეორე მხრივ, ეს ზღუდავს იმ ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას, რომლებიც ვალდებულები იქნებიან თვითიზოლაციაში გადავიდნენ 27 ოქტომბრის შემდეგ". – თქვა პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ. ცესკო-მ მოგვიანებით ეს ვადა 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე გაახანგრძლივა.

იმ პერიოდში საქართველოში ახალი კორონავირუსი ყოველდღიურად დაახლოებით 1700 ადამიანს უდასტურდებოდა. 


ქუთაისში 1-ელ ნოემბერს ახალი კორონავირუსით 27 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. მისი ოჯახის ცნობით, პაციენტი საავადმყოფოში ვერ გადაჰყავდათ, რადგან კლინიკებში ადგილი არ იყო, ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით კი სასწრაფო დახმარება პაციენტის ოჯახმა გარდაცვალების წინა დღეს გამოიძახა. მათი განცხადებით, სწორედ ამის შემდეგ დაუდასტურდა მას ახალი კორონავირუსი.

25 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში, ახალციხეში, სოფელ წყალთბილაში კოვიდინფიცირებული მამა-შვილი გარდაიცვალა. ოჯახის წევრებისა და ექიმის თქმით, კლინიკაში მისულ კაცს მიღებაზე უარი უთხრეს.

7 ნოემბერს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ, ერთი მხრივ, თავად პაციენტები აგვიანებენ სამედიცინო დახმარებისთვის მომართვას და, მეორე მხრივ, არის დაყოვნების შემთხვევებიც, თუმცა ეს სიტუაცია მართვადია.

“ეს პროცენტულად დიდი მაინც არ არის, ეს უბრალოდ ჩანს, თორემ პროცენტულად, ხერხდება მეტი ნაწილის ჰოსპიტალიზაცია, ვისაც სჭირდება”. - თქვა 18 დეკემბერს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბინაზე დარჩენილ მძიმე პაციენტებზე.


საქართველოში 9 ნოემბრიდან ახალი კორონავირუსის გამო შეზღუდვები ნელ-ნელა კვლავ შემოიღეს. 9 ნოემბერს დიდი ქალაქებში შეიზღუდა 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება, როგორც ქვეითად მოსიარულეთათვის, ისე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.


18 ნოემბერს ამერიკულ კომპანია Pfizer-ში განაცხადეს, რომ გერმანულ კომპანია BioNTech-თან ერთად განვითარებულ ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე გვიან ეტაპზე ჩატარებული კვლევის საბოლოო შედეგები აჩვენებს, რომ ის 95%-ით ეფექტიანია

Source: AN

28 ნოემბრიდან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. 


საშობაოდ, 7 იანვრისთვის, მართლმადიდებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ღამისთევის ლიტურგია აღასრულონ, ამისთვის მთავრობა ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის, კერძოდ კი კომენდანტის საათს, მაგრამ სხვა ქრისტიანები – კათოლიკეები და პროტესტანტები 25 დეკემბერს, ისევე, როგორც სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლი, 6 იანვარს ვერ შეძლებს ღამისთევის წესის აღსრულებას.


1-ელ დეკემბერს CNN წერს, რომ ანონიმურმა წყარომ დოკუმენტები მიაწოდა, რომლის მიხედვითაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პირველ თვეებში ჩინეთი რეალურ მონაცემებს მალავდა. 


2 დეკემბერს დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც Pfizer/BioNTech-ის წარმოებული ახალი კორონავირუსის ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცეს.


დეკემბრის დასაწყისიდან ახალი კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო შვედეთში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები გამკაცრდამაშინ ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვმა 7000-ს შვედეთში გადააჭარბა. პანდემიის დაწყების შემდეგ დანიაში ინფექციით 894 ადამიანი გარდაიცვალა, ფინეთში - 424, ხოლო ნორვეგიაში - 359.

მიუხედავად იმისა, რომ შვედეთში მკაცრი საკარანტინო ზომები არ შემოუღიათ, პანდემიის შედეგად ქვეყნის ეკონომიკა დაზარალდა. 2020 წლის პირველ ნახევარში შვედეთის მშპ 8.5%-ით შემცირდა.


12 დეკემბერს აშშ-ში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცეს


14 დეკემბერს საქსტატის იანვარ-ნოემბრის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემებით, მოცემულ პერიოდში ქვეყნის ექსპორტმა სულ 3.016 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 11.3%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

საქართველოში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მნიშვნელოვნად შემცირდა იმპორტირებული პროდუქციის მოცულობაც და ღირებულებაც. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში იმპორტმა ჯამურად 7.186 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.9%-ით ნაკლებია. 

მთავრობის წევრების არაერთი დაპირების მიუხედავად, რომ საზღვრები ივლისიდან გაიხსნება და ტურიზიც აღდგება, ქვეყანა კვლავაც ჩაკეტილია. ეს აისახა ეროვნულ შემოსავალზე – ნოემბრის მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2.3 მილიარდი დოლარით არის შემცირებული, რაც მშპ-ს დაახლოებით, 4.6%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა, სავარაუდოდ, 5.7-5.8%-ით ან მეტით შემცირდება, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ამაზე მეტად საქართველოს ეკონომიკა ბოლოს 1994 წელს შემცირდა. 

წელს შემოსავალი 160 000-მა დაქირავებით დასაქმებულმა და 250 000-მა თვითდასაქმებულმა დაკარგა.


14 დეკემბერს ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა საზოგადოებას ახალი კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის შესახებ აუწყა, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე არსებული ვარიანტები. 


17 დეკემბრიდან აშშ-ში უკვე ნებადართულია ფარმაცევტული კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენება.

კომპანიის მონაცემებით, მათი ვაქცინის ეფექტიანობა 94%-ია, მძიმე შემთხვევებისას პრეპარატის ეფექტიანობა 100%-საც აღწევს. 


23 დეკემბერს გაერთიანებულ სამეფოში ამოიცნეს ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი, ახალი, "უფრო გადამდები" შტამის ორი შემთხვევა, აცხადებს ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი, მეტ ჰენკოკი. 

ორივე შემთხვევა უკავშირება სამხრეთ აფრიკიდან მოგზაურობას, სადაც ამ ახალმა შტამმა შემთხვევათა მკვეთრი ზრდა გამოიწვია


25 დეკემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს განცხადებით, ევროპის რეგიონის 8 ქვეყანაში ამოიცნეს COVID19-ის ახალი ვარიანტი.


28 დეკემბერს ჩინეთში ჟურნალისტს, რომელმაც წლის დასაწყისში ახალი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრიდან, უხანიდან, საგანგებო მდგომარეობის დროს მიმდინარე ამბები გააშუქა და მთავრობა გააკრიტიკა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ჭანგი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან დამოუკიდებელ ჩინელ ჟურნალისტთაგან, რომელმაც წლის დასაწყისიდან უხანიდან ამბების გაშუქება გადაწყვიტა. კომუნისტურ ჩინეთში არაერთი ჟურნალისტი დააკავეს ან გაუჩინარდა, რომლებიც მის მსგავსად აშუქებდნენ მოვლენებს.


30 დეკემბერს გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მარეგულირებელმა სააგენტომ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს მიერ შექმნილი Covid-19-ის ვაქცინა გამოყენებისათვის დაამტკიცა.


25  დეკემბრის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს 220 ქვეყანას შორის მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულთა რიცხვით მე-8 ადგილზეა, ხოლო სიკვდილიანობით 38-ზე.

29 დეკემბრის ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსი 82 860 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 1 807 000-ზე მეტი გარდაიცვალა, 58 690 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. ვარაუდობენ, რომ ვირუსის ადამიანზე გადასვლა უკავშირდება გარეულ ცხოველს, ასევე არსებობს მოსაზრებები ვირუსის უხანის ლაბორატორიიდან წამოსვლის ალბათობაზე, თუმცა უხანიდან გავრცელებული ახალი კორონვირუსის წარმოშობა დღემდე უცნობია.

კომენტარები