კორონავირუსი ესპანეთში

ესპანეთი აღრიცხავს მათ, ვინც კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებაზე უარს იტყვის

წყარო: EPA

ესპანეთში აღრიცხავენ იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს იტყვიან და ამ მონაცემებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუზიარებს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

"ვირუსის დასამარცხებლად ერთადერთი გზაა, ყველა ავიცრათ - რაც უფრო მეტი, უკეთესია". – თქვა მან.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინაციაზე უარის მთქმელთა სია საჯარო არ იქნება და პირად მონაცემებს მკაცრად დაიცავენ:

"ჩვენ გავაკეთებთ რეესტრს, რომელსაც ევროპელ პარტნიორებს გავუზიარებთ. ის მოიცავს იმ ადამიანებს, ვისაც კორონავირუსზე აცრის გაკეთება შესთავაზეს, მაგრამ მათ უარი განაცხადეს. ეს დოკუმენტი საჯარო არ იქნება და პირადი მონაცემების დაცვას პატივს ვცემთ.

აღირიცხებიან ადამიანები, რომლებსაც თერაპია შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვეს რაიმე მიზეზით, ეს აღნიშნული იქნება, რათა ვიცოდეთ, რომ სისტემაში არ არის ხარვეზი და ამის გამო ადამიანს არ წაერთვა შესაძლებლობა, მიეღო ვაქცინა."

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ აცრის გასაკეთებლად მოქალაქეებს რეგიონული მთავრობები დაუკავშირდებიან.

ესპანეთში, ევროკავშირის ქვეყნების მსგავსად, გამოყენებისათვის Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა დაამტკიცეს.

უკანასკნელი გამოკითხვის მიხედვით, ესპანეთში გამოკითხულთა 28% ამბობს, რომ ვაქცინას არ გაიკეთებს. გასულ თვეს მსგავსი პოზიცია გამოკითხულთა 47%-ს ჰქონდა.

პანდემიის დაწყებიდან ესპანეთში ახალი კორონავირუსი 1 894 072 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა - 50 122. ამჟამად ქვეყანაში ღამის 11 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს, რომელიც მაისამდე გაგრძელდება. რეგიონების მთავრობებს უფლება აქვთ შეცვალონ დროები ან გაამკაცრონ შეზღუდვები და დაკეტონ რეგიონის საზღვრები. ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობას ქუჩაში გასვლა მხოლოდ სამსახურში, მედიკამენტების ან საკვები პროდუქტების საყიდლად ან ბავშვებისა და მოხუცების მოსავლელად შეუძლია.

კომენტარები