ჩინეთი - ჯანმო

ჩინეთი: ჯანმო-ს დირექტორმა კარგად იმუშავა

ტედროს ადანომ გებრაიესუსი
REUTERS

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ, 24 მაისს განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრაიესუსმა, კარგად იმუშავა და "წესიერი ქვეყნები" საერთაშორისო ორგანოს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

19 მაისს ტრამპმა WHO-ს დირექტორს წერილი მისწერა და დაფინანსების სამუდამოდ შეჩერებით დაემუქრა. წერილში გაკრიტიკებულია კორონავირუსის საპასუხოდ ორგანიზაციის მოქმედებები და ნათქვამია, რომ 30 დღეში მან მუშაობა უნდა გააუმჯობესოს. იქვე წერია, რომ შემაშფოთებელია ორგანიზაციის ჩინეთზე დამოკიდებულება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ, ასევე განაცხადა, რომ ვისაც სურს, რომ ჩინეთმა კორონავირუსის გავრცელების გამო კომპენსაცია გადაიხადოს - ოცნებობს. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ, თქვა, რომ აშშ ორი ქვეყნის ურთიერთობას "ახალი ცივი ომის ზღვარისაკენ" უბიძგებს. 

აშშ ჩინეთს ახალ კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში, ჩახშობაში, სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს. აშშ ამბობს, რომ ჩინეთი ახლაც კი არ აზიარებს ვირუსზე საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას.

არაერთ ინფორმაციასთან ერთად ამას მოწმობს ამ თემაზე ჩატარებული რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიებაც, რომელთა მიხედვითაც ჩინეთი საწყის ეტაპზე მალავდა დაავადების მასშტაბებს და ეს პერიოდი სამედიცინო აღჭურვილობის მარაგის შესაქმნელად გამოიყენა.

აშშ ამჟამად ახალი კორონავირუსის წარმომავლობას იძიებს. აშშ-ის კონგრესის წევრებსა და ტრამპის ადმინისტრაციას სურს, რომ ჩინეთს კორონავირუსის გამო ადამიანური და ეკონომიკური ზიანის გამო პასუხისმგებლობა დაეკისროს.

ჩინეთი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ვირუსის მსხვერპლია.

ამჟამად, ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია და არამხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ ჰონგ-კონგის, ტაივანის, სამხრეთ ჩინეთის ზღვის, სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო. ასევე, აშშ ჩინეთს უსამართლო ვაჭრობაში, ტექნოლოგიურ მანიპულაციაში ადანაშაულებს.

კომენტარები