კორონავირუსი მსოფლიოში

ნეთანიაჰუმ COVID-19-ის ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა – ისრაელში ვაქცინაცია იწყება

Reuters

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა. ნეთანიაჰუმ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა მიიღო. ოფიციალური პირები ვაქცინის წინააღმდეგ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის თავიდან აცილებას ცდილობენ.

გამოკითხვების თანახმად, ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით 2/3 აპირებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას. ქვეყანაში იმედოვნებენ, რომ წლის ბოლომდე მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებში შემავალი მოსახლეობის 20% აიცრება. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 372 886 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 345 589 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 074 კი გარდაიცვალა. ამჟამად ქვეყანაში ინფიცირების 24 223 აქტიური შემთხვევაა. 

ახალ კორონავირუსზე ვაქცინაცია პირველად დიდი ბრიტანეთში 8 დეკემბერს დაიწყო. Pfizer/BionTech-ის ვაქცინას ქვეყანაში დეკემბერის ბოლომდე 4 მილიონი ადამიანი გაიკეთებს. თავდაპირველად, მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, 80 წელს გადაცილებულები და სამედიცინო პერსონალი აიცრება.

დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც Pfizer-ის ვაქცინა გამოიყენა.

კომენტარები