კორონავირუსი რუსეთში

The Moscow Times: რუსეთში სტუდენტებს კორონავირუსიან პაციენტებთან მუშაობას აიძულებენ

TASS

The Moscow Times წერს, რომ რუსეთში მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს აიძულებენ, საავადმყოფოებში კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებთან იმუშაონ.

გამოცემის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისაგან მესიჯი მესამე და უფრო მაღალი კურსის სტუდენტებმა მიიღეს. მათ უთხრეს, რომ მოსკოვის საავადმყოფოებში უნდა ემუშავათ.

სტუდენტების ანაზღაურება მინიმალურია. უარის თქმა მათ აკადემიური მოთხოვნების შეუსრულებლობად ჩაეთვლებათ და შესაძლოა, დაფინანსება დაკარგონ.

ე.წ. წითელ ზონაში მომუშავე სტუდენტებს, რომელთაც დაინფიცირებულ პაციენტებთან პირდაპირი შეხება აქვთ, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია თვეში 100 000 რუბლის ($ 1 369) ოდენობის ანაზღაურებას დაჰპირდა. თუმცა, The Moscow Times-ის ინფორმაციით, რეალური კონტრაქტით მათ თვეში მხოლოდ 33 376 რუბლს ($457) გადაუხდიან.

ე.წ. მწვანე ზონაში მომუშავე სტუდენტები ანაზღაურებას არ მიიღებენ. სტუდენტები ამბობენ, რომ საჭირო აღჭურვილობის ნაკლებობის გამო, მწვანე ზონებიც სახიფათოა და შესაძლოა, ვირუსით დაავადდნენ.

მიმდინარე კვირამდე საავადმყოფოებში მუშაობა საკუთარი ნებით სამედიცინო უნივერსიტეტების არაერთმა სტუდენტმა დაიწყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვმა 100,000-ს გადააჭარბა და პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ქვეყანას პიკისთვის ჯერაც არ მიუღწევია, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივი ბრძანება გამოსცეს. ბრძანების მიხედვით, სხვადასხვა ფაკულტეტის მესამე და შემდგომ კურსებზე მყოფი სტუდენტები პრაქტიკისათვის იმ საავადმყოფოებში უნდა განაწილდნენ, სადაც კორონავირუსიან პაციენტებს მკურნალობენ. ეს ეხება სტომატოლოგიის შემსწავლელ სტუდენტებსაც, ასევე მათ, ვინც მინიმუმ ორი წლის განმავლობაში საექთნო სპეციალობას ეუფლებოდა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში მოსკოვის წამყვანი საავადმყოფოს კომუნარკას ექთნები მასობრივად გაიფიცნენ. მათ ცუდი სამუშაო პირობები და დაბალი ხელფასები გააპროტესტეს. ექიმებმა კი კორონავირუსისაგან გარდაცვლილი კოლეგების სია შეადგინეს - რუსეთში ვირუსით ამ დრომდე 70 მედიკოსი დაიღუპა.

მიმდინარე თვის დასაწყისში პუტინმა გამოაცხადა, რომ ჯანდაცვის სექტორში მომუშავე პირები ბონუსებს მიიღებდნენ და ამისათვის 10 მილიარდი რუბლი ($132 მილიონი) გამოიყოფოდა. მისი თქმით ექიმებს თვეში დამატებით 80 000 რუბლი ($1 059) უნდა მიეღოთ, ექთნებს, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებსა და მძღოლებს კი 25 000 რუბლიდან 50 000 რუბლამდე თვიური ბონუსი. გაფიცული ექთნები ამბობენ, რომ მათ ბონუსი არ მიუღიათ.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსი 93,558 ადამიანს დაუდასტურდა. უკანასკნელ 24 საათში 6,411 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოფიციალური მონაცემებით, გარდაიცვალა 867 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 8,456.

კომენტარები