რუსული კანონი

უვიზო რეჟიმის გადახედვა და ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნა – ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეხება საქართველოში რუსული კანონის მიღებას და შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ბლოკის კომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სანქცირების განხილვასა და საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გადახედვას.

რეზოლუციის მიღებას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტარმა, 25 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა. შესწორებები შედარებით ნაკლები მხარდამჭერით, თუმცა მაინც მიიღეს.

მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციის მიღებით ევროპარლამენტი ითხოვს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია.

რეზოლუცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გაიწვიონ და პატივი სცენ შარშან დადებულ პირობას, რომ ამ კანონს აღარ დააბრუნებდნენ.

რეზოლუცია არის რეკომენდაცია, რომელსაც ევროპარლამენტი ევროკავშირის დანარჩენ აღმასრულებელ ორგანოებს აძლევს. ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში ევროკავშირმა უნდა მიიღოს, ხოლო ევროკომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, განიხილავს თუ არა რუსული კანონის მიღებით ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებზე არსებულ გავლენებს.

შესწორებებში შედის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის "ჰუმანიტარულ ნიადაგზე" გათავისუფლების მოთხოვნაც და მოწოდება, რომ გაიწვიონ საკონსტიტუციო კანონპროექტი, რომელიც სექსუალურ უმცირესობებს უკავშირდება.

კომენტარები