არჩევნები 2020

TI: ცესკოს დადგენილება ზღუდავს იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლის საარჩევნო უფლებას

ReformAustin.org

საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI) 19 ოქტომბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ მიღებულ დადგენილებაში არსებულ ხარვეზებზე ლაპარაკობს. ცესკოს დადგენილებით, წესრიგდება კორონავირუსით ინფიცირებულთა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის საკითხი. TI-ს აზრით, დადგენილებაში შემდეგი ხარვეზებია:

  • დადგენილების მიხედვით, ის პირები, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში ან ბინაზე გადიან მკურნალობას შეყვანილ იქნებიან გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიმართავენ ცესკოს 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით. აღნიშნული ვალდებულების განსაზღვრა გაუმართლებელია, რადგან თუკი ასეთი ამომრჩევლები ვერ შეძლებენ დროულად მიმართვას, მათ არ ექნებათ ხმის მიცემის საშუალება.
  • ცესკომ უარი თქვა თავდაპირველ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ითვალისწინებდა სპეციალური საარჩევნო უბნების შექმნას ისეთ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებსა თუ საკარანტინე სივრცეებში, სადაც 50-ზე მეტი ამომრჩეველია. ხმის მიცემის პროცედურა ჩატარდება მხოლოდ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით. მიგვაჩნია, რომ უმჯობესი იქნება შეიქმნას სპეციალური საარჩევნო უბნები ისეთ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში, სადაც 30-ზე მეტი ამომრჩეველია, რაც უზრუნველყოფს ხმის მიცემის პროცესის უფრო მეტ გამჭვირვალობას
  • მოცემული დადგენილებით, ერთ გადასატან საარჩევნო ყუთს შეიძლება გაჰყვეს მხოლოდ ერთი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი, ერთი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და ერთი პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელი. პირველ რიგში, ბუნდოვანია, დამკვირვებლებს ექნებათ თუ არა შესაძლებლობა, უბანზე არსებულ ყველა გადასატან ყუთს გაჰყვნენ, ამიტომ დადგენილების ეს ნაწილი მეტ განმარტებას საჭიროებს
  • წარმოდგენილი დადგენილებით ნათლად არ იკითხება გადასატანი საარჩევნო ყუთის სიების შედგენის წესი. კერძოდ, ბუნდოვანია, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებს, საკარანტინე სივრცეებს, თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს და იმ პირებს, რომლებიც გადიან ბინაზე მკურნალობას, მოემსახურებათ ერთი და იგივე გადასატანი ყუთი, თუ რამდენიმე ასეთი ყუთი.

"ვფიქრობთ, ამ დადგენილების მიღების პროცესი პრობლემური იყო, როგორც დროის სიმცირის, ასევე მხარეების მოსაზრებების გაზიარების კუთხით. თვით დადგენილების შინაარსი კი მნიშვნელოვნად ზღუდავს ამომრჩევლების საარჩევნო უფლებას, რაც განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან პანდემიის ფონზე ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობაზე ამომრჩეველთა გარკვეულმა ნაწილმა, შესაძლოა, ისედაც უარი განაცხადოს. ამ ფონზე ამომრჩევლებისათვის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მოსახვედრად დამატებითი შეზღუდვების შემოღება, გაუმართლებელი და მიუღებელია." - წერია TI-ის განცხადებაში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები, სპეციალურად შექმნილი ჯგუფების საშუალებით, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.

კერძოდ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული ყველა წესის დაცვით სპეციალური ჯგუფის წარმომადგენელები სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან საარჩევნო ყუთს მიიტანენ. ასევე, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს ექნებათ შესაძლებლობა, საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნით.

კომენტარები