საქართველო-ჩინეთი

კორონავირუსის პრევენციის გამო, ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი რეისები 29 მარტამდე შეწყდა

საქართველომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყვიტა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ეს გადაწყვეტილება საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მიიღო.

"ამის შესახებ უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას. შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (2020 წლის 29 მარტი). პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება შესაძლებელია გადაიხედოს ჩინეთში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით.

ამასთან, ამავე პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ყველა ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში ოპერირებს, აწვდის ინფორმაციას შესაბამის უწყებებს ტრანზიტული მგზავრების შესახებ, რომელთა პირველადი გამომგზავრების ადგილი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა" - აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

საქართველოში აეროპორტებში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების შემოწმება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ეპიდემიოლოგები და გადაუდებელი ცენტრის მედიკოსები მგზავრებს როგორც დისტანციური თერმომეტრებით, ისე პირადი გასაუბრებით ამოწმებენ. მათ ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია ვირუსის სიმპტომურ მახასიათებლებთან დაკავშირებით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების მხრივ, საქართველო დაბალი რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორისაა.

ჩინეთში კი, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 120-ს მიაღწია. გაიზარდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევებიც. 

ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში მდებარე ქალაქებში ტრანსპორტზე შეზღუდვა გამკაცრდა. პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა ზოგიერთ ქალაქში.

იაპონია და აშშ გეგმავენ, ქალაქ ვუხანში, სადაც ვირუსი პირველად გავრცელდა, სპეციალური რეისები დანიშნონ და საკუთარი მოქალაქეები გამოიყვანონ. მსგავსი ზომების მიღებას განიხილავენ საფრანგეთი და სამხრეთ კორეაც.

ვირუსი სასუნთქი გზების ინფექციას, სუნთქვის გართულებას და მაღალ სიცხეს იწვევს. ჯერ-ჯერობით ვაქცინა ან წამალი არ არსებობს.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის მიხედვით დაავადებისაგან სრულად გამოჯანმრთელების შემდეგ საავადმყოფოდან უკვე 60 ადამიანი გაწერეს. ვირუსით დაღუპულთა უმეტესობა ასაკოვნები იყვნენ, რომელთაც სასუნთქი გზების პრობლემები აწუხებდათ. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიხედვით, ვირუსით შესაძლოა ბავშვებიც დაავადდნენ, თუმცა მათ შემთხვევაში სიმპტომები უფრო მსუბუქია.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ვირუსი ინკუბაციის პერიოდშიც ვრცელდება, რაც მისი გავრცელების შეჩერებას ართულებს. ინკუბაციის პერიოდი, როდესაც დაავადებულ პირს სიმპტომები არ აღენიშნება, შესაძლოა, 1-დან 14 დღემდე გაგრძელდეს. ამის გამო პეკინსა და შანხაიში ჰუბეის პროვინციიდან ჩამოსულ ადამიანებზე 14-დღიანი დაკვირვება დააწესეს.

გადაიდო სკოლებსა და უნივერსიტეტებში ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებაც.

დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა ჩინეთის ფარგლებს გარეთაც, თუმცა ამ დრომდე ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა. ვირუსით დაავადების 8 შემთხვევა დაფიქსირდა ტაილანდში, 5 აშშ-ში, ავსტრალიაში, სინგაპურსა და ტაივანში, 4 სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და მალაიზიაში, 3 საფრანგეთში, 2 ვიეტნამში, 1 ნეპალში, კანადაში, კამბოჯაში, შრი ლანკაში და გერმანიაში. თითქმის ყველა შემთხვევაში დაავადებული პირი ვუხანში იმყოფებოდა, ან ვუხანიდან ჩასულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

კომენტარები