ჩინეთის ხელისუფლებამ იცოდა, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაედება, თუმცა ამის შესახებ 6 დღის დაგვიანებით განაცხადეს, რა დროშიც ქვეყანაში ათასობით ადამიანი დაავადდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ჩინეთის ხელისუფლების საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩინეთის ხელისუფლებამ ინფორმაცია დამალა. ეს არც ყველაზე ხანგრძლივი დაგვიანება ყოფილა, თუმცა სწორედ ხსენებული მონაკვეთი იყო საკვანძო ეპიდემიის შემდგომი განვითარებისთვის. ჩინეთის ხელისუფლების მოქმედებების შედეგად, ამ პერიოდში ვირუსით 3 ათასი ადამიანი დაავადდა.
ვუხანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევების გამოვლენის შემდეგ, ხელისუფლების ბრძანებით ახალი შემთხვევების რეგისტრირება შეწყდა, ექიმებს უკრძალავდნენ დაავადებაზე საუბარს და სამედიცინო ნიღბების ტარებას.
ვუხანის ცენტრალურმა საავადმყოფომ უცნობი ვირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებული პირველი პაციენტები გასული წლის 29 დეკემბერს მიიღო. ქვეყნის ხელისუფლებამ ახალი ინფექციის შესახებ მალევე განაცხადა, თუმცა ამტკიცებდა, რომ დაავადება ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის და ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
პარალელურად, მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდათ ვუხანის მცხოვრებლებს, რომლებიც არ ყოფილან ზღვის პროდუქტების ბაზრობაზე - სწორედ აქედან გავრცელდა დაავადება. ამის გარდა, გამოვლინდა დაავადების პირველი შემთხვევები სამედიცინო პერსონალში. მომრავლებული შემთხვევების ფონზე, ექიმებს გაუჩნდათ საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ვირუსი ადამიანებისთვის გადამდებია და ინფორმაცია ჯანდაცვის ადილობრივ კომისიასაც მიაწოდეს.
სახელმწიფო უწყებამ ექიმები ჭორების და პანიკის გავრცელებაში დაადანაშაულა. მედპერსონალს აუკრძალეს ვირუსზე საუბარი და სამედიცინო ნიღბების ტარება. წესის დამრღვევები ადილობრივ პოლიციასა და საზედამხედველო უწყებებში მიჰყავდათ.
ექიმებს, ასევე, აეკრძალათ ვირუსული პნევმონიის დიაგნოზის დასმა. შედეგად, Сovid-19-ის პირველი 40 შემთხვევის აღრიცხვის შემდეგ, ვუხანში დაავადების ახალი შემთხვევების რეგისტრაცია შეწყდა. 5-დან 16 იანვრამდე, ოფიციალური მონაცემებით, ქალაქში ახალი ვირუსის არცერთი შემთხვევა გამოვლენილა.
სწორედ, ამ პერიოდში ქალაქში ექპერტთა ორი ჯგუფი ჩავიდა, რომლებმაც ვირუსის გადამდები ხასიათის დადგენა ვერ შეძლეს. გამოცემის რესპონდენტის, ეპიდემიოლოგ ბენჟამენ კოულის აზრით, ამის მიზეზი ის არის რომ, ექსპერტები მხოლოდ მწვავე პნევმონიით დაავადებულ პაციენტებთან მიუშვეს, ხოლო ძებნის ფოკუსში მხოლოდ ის მოქალაქეები აღმოჩდნენ, რომლებიც ზღვის პროდუქტების ბაზრობაზე იმყოფებოდნენ.
მოგვიანებით, როცა ვირუსმა უკვე მთელი ჩინეთი მოიცვა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ მომხდარში ვუხანის ადმინისტრაცია დაადანაშაულა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ქალაქის ადმინისტრაციამ სათანადო სერიოზულობით არ აღიქვა შექმნილი ვითარება და ძირითადად ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად ემზადებოდა.
თუმცა, Associated Press-ის ერთ-ერთი ანონიმური წყაროს ცნობით, მომხდარში დამნაშავეა ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრიც, რომელმაც, ხელთ არსებული ინფორმაციის მიუხედავად, დაგვიანებით იმოქმედა და ვითარების მიჩქმალვას ცდილობდა.
ჩინეთის ხელისუფლებაში რეალური სურათი მას შემდეგ გაიაზრეს, რაც ვირუსი ქვეყნის ტერიტორიას გაცდა, თუმცა საჯაროდ ამის შესახებ 6 დღის შემდეგ განაცხადეს.
პროაქტიური მოქმედებებისკენ ხელისუფლებას ადგილობრივი ახალი წლის მოახლოებამ უბიძგა. ამ დროს ჩინეთის მილიონობით მოქალაქე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე აქტიურად გადაადგილდება.
მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, ასევე, ჩინეთის საზღვრებს გარეთ ვირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა. ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 13 იანვარს ტაილანდში დადასტურდა. Associated Press-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, უკვე 14 იანვარს ჩინეთის ჯანდაცვის ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარემ, მა სიაოვეიმ რეგიონალური კომიტეტებს ხელმძღვანელებთან ვიდეოკონფერენცია გამართა.
მასალების თანახმად, სხდომაზე სიაოვეიმ განაცხადა, რომ ვირუსი გადამდებია და 2003 წლის ატიპიური პნევმონიის მსგავსად, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. სიაოვეიმ, რეგიონალური კომიტეტების ხელმძღვანელებს მოუწოდა "სოციალური სტაბილურობის" შესანარჩუნებლად კომპარტიის თავმჯდომარის, სი ძინპინის ირგვლივ გაერთიანებულიყვნენ.
უწყების მიერ გამოცემული შიდა ბრძანების მიხედვით, საგანგებო ზომების მიღება ხელისუფლებამ 15 იანვრიდან დაიწყო. შეიქმნა სხვადასხვა მიმართულების 14 სამუშაო ჯგუფი, ვუხანში აიკრძალა მასობრივი თავშეყრები, დაიწყო თერმოსრკინინგი ქალაქის აეროპორტებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ამ დრომდე ვუხანში Covid-19-ის შემთხვევათა რიცხვი უცვლელი იყო. უკვე 17 იანვარს ქალაქში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 იანვარს - 17, ხოლო 19 იანვარს უკვე 136 ახალი შემთხვევა.
პარალელურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში გაიგზავნა დაავადების მკურნალობის 63 გვერდიანი ინსტრუქცია. ინსტრუქციები და პროტოკოლები უშუალოდ შიდა სამედიცინო მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი, ხოლო საჯაროდ ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები საპირისპირო განცხადებებს აკეთებდნენ.
"ჩვენ უკვე ვიცით, რომ ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე მდგრადი გადაცემის რისკი დაბალია", — განაცხადა 15 იანვარს, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ლი კუნმა.
ახალი ვირუსის შესახებ პირველი განცხადება ქვეყნის მმართველმა, სი ძინპინმა მხოლოდ 20 იანვარს გააკეთა და თქვა, რომ ქვეყანა "ვირუსს სერიოზულად უნდა მოეკიდოს." სწორედ, ამ დღეს დაადასტურა ხელისუფლებამ კორონავირუსის გადამდები ხასიათიც. მიუხედავად ინფორმაციის არსებობისა, კრიტიკულად მნიშვნელოვანი 6 დღის განმავლობაში ჩინეთის ხელისუფლება პოტენციური რისკის შესახებ ინფორმაციას მალავდა.
ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი ერთ-ერთი ვერსიით ის არის, რომ ჩინეთის ხელისუფლებაში არ სურდათ კომპარტიის ორი სესიის გადატანა, რომელიც ყოველწლიურად მარტში იმართება.
ჩინეთის ხელისუფლების რეაქციასთან დაკავშირებით სფეროს ექსპერტების აზრი ორად იყოფა. ეპიდემიოლოგების ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ჩინეთის ხელისუფლების მიერ ინფორმაციის დამალვამ და უმოქმედობამ მნიშვნელოვნად განაპირობა დაავადების პანდემიური ხასიათი და მასშტაბი.
ექსპერტთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩინეთის ხელისუფლების მოქმედებებს დაავადების გავრცელების მასშტაბზე დიდი გავლენა არ ქონია. "შესაძლოა მათ არ გაავრცელეს სწორი ინფორმაცია, მაგრამ მიიღეს სწორი ზომები", — ამბობს ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი აშშ-ში, რეი იპი.
ჩინეთის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 83,367 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 3,346 პაციენტი.