ამერიკული ვაქცინა

ტრამპი ვაქცინის დამტკიცებაზე: პანდემია, შესაძლოა, ჩინეთში დაიწყო, მაგრამ აშშ-ში ვამთავრებთ

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, აშშ-ს საკვების და წამლის ადმინისტრაციის FDA-ს მიერ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გადაუდებელი გამოყენებისთვის დამტკიცებას ვიდეომიმართვით გამოეხმაურა.

ტრამპმა თქვა, რომ "პანდემია, შესაძლოა, ჩინეთში დაიწყო, მაგრამ ჩვენ აქ, ამერიკაში ვასრულებთ". მისივე თქმით, როდესაც ჩინეთის ვირუსი აშშ-ში შემოიჭრა, მან პირობა დადო, რომ აშშ-ში რეკორდულ დროში შექმნიდნენ ვაქცინას, წლის ბოლომდე - "მათ თქვეს, რომ ეს ვერ გაკეთდებოდა, მაგრამ დღევანდელი სიახლით ჩვენ ამ მიზანს მივაღწიეთ". 

აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაქცინა სწრაფად შეამცირებს სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს.

"დღეს ჩვენმა ქვეყანამ სამედიცინო სასწაულს მიაღწია. ჩვენ გვაქვს უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა სულ რაღაც ცხრა თვეში. ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მეცნიერული მიღწევაა. ეს მილიონობით სიცოცხლეს გადაარჩენს და დაასრულებს პანდემიას ერთხელ და სამუდამოდ. მე აღელვებით გაუწყებთ, რომ FDA-მ ავტორიზაცია გაუკეთა Pfizer-ის ვაქცინას. ჩვენ Pfizer-ს და სხვა კომპანიებს დიდი ფული მივეცით, იმ იმედით, რომ ამ შედეგს გამოიღებდა და ასეც მოხდა. ამერიკელი ხალხის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ბრწყინვალე მეცნიერს, ტექნიკოსს, ექიმს და მომუშავე პირს, რომლებმაც ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადეს. Pfizer-მა და Modrena-მ დააანონსეს, რომ მათი ვაქცინა დაახლოებით 95%-ით ეფექტიანია, რაც ძალიან აჭარბებს მოლოდინს. ამავე დროს ეს ვაქცინები ძალიან უსაფრთხოა. ამერიკელმა მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღეს ცდებში, რაც ჩვეულებრივზე უფრო ფართოდ ჩატარდა და სერიოზული გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა". - თქვა ტრამპმა.

მან ასევე განაცხადა, რომ FDA-ს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეისწავლეს ცდის შედეგები და ვაქცინამ ახლა მიიღო უსაფრთხოების „ოქროს სტანდარტი“. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ჯამში 14 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო, ვაქცინების განვითარების დაჩქარებისა და ყველა საუკეთესო კანდიდატის წინსვლისთვის.

აშშ-ს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ვაქცინა ყველა ამერიკელისთვის უფასო იქნება. 

მისი თქმით, შტატების გუბერნატორები გადაწყვეტენ, თავდაპირველად სად გაგზავნონ ვაქცინები და ვინ მიიღებს ვაქცინას. - "ჩვენი გვინდა, რომ ჩვენი ასაკოვანი მოქალაქეები, მედიცინის მუშაკები და პირველ ხაზზე მყოფი პირები რიგში პირველები იყვნენ".

ტრაპმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც შექმნა გადამოწმებულად უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა.

"დღევანდელი მიღწევა არის შეხსენება იმისა, რომ ამერიკას აქვს უსაზღვრო პოტენციალი, როდესაც ჩვენ გვაქვს ნება და გამბედაობა მივაღწიოთ ამბიციურ მიზნებს". - თქვა მან.

ვაქცინის გამოცდის კვლევების თანახმად, Pfizer-ის და გერმანული ბიოტექნოლოგიების კომპანია BioNTech-ის წარმოებული კორონავირუსის ვაქცინა 95%-ით ეფექტიანია.

Pfizer-მა და BionTech-მა ვაქცინაზე მუშაობა 11 თვის წინ დაიწყეს და სიჩქარის ყველა რეკორდი მოხსნეს. ვაქცინების განვითარებას, ჩვეულებრივ, წლები სჭირდება. Pfizer-ის ვაქცინა უკვე მიიღეს ბრიტანეთის და ბაჰრეინის მოქალაქეებმა, სადაც მისი ავტორიზაცია 2 დეკემბერს მოხდა. კანადამ ის ოთხშაბათს დაამტკიცა.

მომდევნო კვირაში მოსალოდნელია, რომ Pfizer-ის ავტორიზაციას Moderna-ს ვაქცინის დამტკიცება მოჰყვეს, რომელიც მსგავს ტექნოლოგიას იყენებს და კლინიკურ კვლევებში ასეთივე დამაიმედებელი შედეგები აჩვენა.

რაც შეეხება ჩინეთს, აშშ უკვე თვეებია, ჩინეთს ადანაშაულებს ახალ კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვისა და ჩახშობისთვისჯანმო-ს კი ბრალს სდებს, რომ ჩინეთს ორგანიზაციაზე გავლენა აქვს, ჯანმო-მ სათანადოდ ვერ შეასრულა თავისი ფუნქციები და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ამის გამო აშშ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას 2021 წლის ივლისში ოფიციალურად დატოვებს.

დონალდ ტრამპმა გაეროს მოუწოდა, რომ კორონავირუსზე თავისი ქმედებების გამო ჩინეთს პასუხი აგებინოს.

ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა.

ამჟამად, ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია და არა მხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ ჰონგ-კონგის, ტაივანის, სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო და სხვ.

კომენტარები