კორონავირუსი

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს ტურიზმისთვის ეტაპობრივად გახსნისაკენ მოუწოდებს

DW

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს ტურიზმისთვის ეტაპობრივად გახსნისაკენ მოუწოდებს. ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, მარგრეტ ვესტაგერის თქმით ბრიუსელმა შეიმუშავა 3 ფაზიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც ქვეყნებს შეეძლებათ ეტაპობრივად განაახლონ მოგზაურობა და ზაფხულში ტურიზმის სექტორში სამუშაო ადგილები და შემოსავალი გადაარჩინონ.

ევროკავშირის მასშტაბით ტურიზმი მთლიანი შიდა პროდუქტის 10, ხოლო სამუშაო ადგილების 12%-ს მოიცავს.

საზღვრების გახსნის თაობაზე გადაწყვეტილებას ქვეყნების მთავრობები იღებენ, თუმცა ევროკავშირი წევრ 27 ქვეყანას მოუწოდებს ერთობლივად იმუშაონ და შეზღუდვები კოორდინირებულად მოხსნან.

მათ მიერ შეთავაზებული გეგმის მიხედვით პირველ ეტაპზე მოსაზღვრე ქვეყნებში ვირუსის გავრცელების შემცირების პარალელურად საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვები უნდა შემსუბუქდეს. მეორე ეტაპზე, იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია გაუმჯობესებას განაგრძობს, სასაზღვრო შეზღუდვები უნდა მოიხსნას მოსაზღვრე ქვეყნებს შორის და იმ რეგიონებში, სადაც მსგავსი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. ბოლო ფაზაში კი შეზღუდვები სრულად მოიხსნება და ევროპის მასშტაბით გადაადგილება კვლავ შეუზღუდავად მოხდება.

გარდა ამისა ევროკავშირი სატრანსპორტო და სხვა კომპანიებს მოუწოდებს დაიცვან ახალი წესები ვირუსის ხელახლა გავრცელების თავიდან ასარიდებლად. მათ შორის მოიაზრება პირბადეების ტარება ყველა სახის ტრანსპორტში, იქნება ეს ავტობუსი, მატარებელი თუ თვითმფრინავი. მგზავრებს კი მოუწოდებენ პირბადე ატარონ თავშეყრის ადგილებში, აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებზე. ევროკავშირის რეკომენდაციებიში შედის მგზავრების რაოდენობის შემცირება, რათა უკეთ მოხერხდეს დისტანციის დაცვა. ამავე მიზეზით სტუმრების რაოდენობის შემცირებას ურჩევენ სასტუმროებს და რესტორნებსაც.

იმისათვის, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ვირუსის გავრცელების კონტროლი და კოორდინირებული რეაგირება შეძლონ შეთანხმდნენ, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლისათვის ცალკეულ ქვეყნებში დანერგილი სატელეფონო აპლიკაციები საზღვრებს მიღმაც იმუშავებს.

ევროკავშირის წევრმა ცალკეულმა ქვეყნებმა უკვე დაიწყეს სასაზღვრო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა. 16 მაისიდან გერმანია კორონავირუსის გამო შემოღებული სასაზღვრო კონტროლის ზომების შემსუბუქებას დაიწყებს. მოსალოდნელია, რომ მეზობელ ქვეყნებთან დაწესებული სასაზღვრო შეზღუდვები 15 ივნისისთვის მოიხსნება.

16 მაისიდან გერმანია შეზღუდვებს შეამსუბუქებს საფრანგეთთან, შვეიცარიასთან და ავსტრიასთან, ხოლო სრულად გახსნის ლუქსემბურგთან. სასაზღვრო კონტროლი კვლავ ძალაში დარჩება, თუმცა შემოწმება შემთხვევითი შერჩევით მოხდება. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ საზღვარი ისევ დაიკეტება, თუ სიტუაცია გაუარესდება.

ჩეხეთმა, ავსტრიამ და სლოვაკეთმა 8 ივნისიდან, შესაძლოა, ერთმანეთთან საზღვარი გახსნან.

კომენტარები