კორონავირუსი

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გამო არაერთი ეკლესია დროებით დახურეს, დაავადებულია 3 736 პირი

Creative Commons

კორონავირუსის გამო სამხრეთ კორეაში არაერთი ეკლესია დროებით დაიხურა, ზოგიერთი მათგანი ონლაინ მსახურებას ატარებს.

გასულ 24 საათში სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაავადების 813 შემთხვევა დადასტურდა, ჯამში 3 736. ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი სამხრეთ კორეაში დაავადდა.

დღეს სეულში სამხრეთ კორეის ყველაზე დიდი იოიდოს ეკლესიიდან ათეულობით მორწმუნე უკან გააბრუნეს. ამის ნაცვლად იოიდოს ეკლესიამ YouTube-ით ონლაინ მსახურება ჩაატარა.

როგორც Reuters წერს, სამხრეთ კორეის კათოლიკურმა ეკლესიამ 236 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, ქვეყნის მასშტაბით 1 700-ზე მეტ ლოკაციაზე მსახურების შეჩერება გადაწყვიტა. 

ღონისძიებების გაუქმების გადაწყვეტილება ბუდისტურმა ტაძრებმაც მიიღეს, ხოლო მთავარმა ქრისტიანულმა ეკლესიებმა ინტერნეტით ონლაინ მსახურება ჩაატარეს.

დღეს კორონავირუსით დაავადების დადასტურებული 586 ახალი შემთხვევიდან, 333 სამხრეთ კორეის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქში, დაეგუში დადასტურდა. დაეგუში ვირუსის გავრცელებას რელიგიურ ორგანიზაციას იესოს შინჩენონჯის ეკლესიას უკავშირებენ. 

18 თებერვლამდე კორონავირუსის გავრცელებას ეკლესიას არ უკავშირებდნენ, მანამ სანამ 31-ე პირს არ აღმოაჩნდა დაავადება. პაციენტი 61 წლის ქალი აღმოჩნდა, რომლესაც ბოლო პერიოდში საზღვარგარეთ არ უმოგზაურია და კორონავირუსის დიაგნოზის მქონე ადამიანებთან შეხება არ ჰქონია.

სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში ე.წ. 31-ე პაციენტსა და ახალ პაციენტებს შორის კავშირი დაინახეს. დაეგუში დაავადებული ქალი შინჩენონჯის მსახურებას ასობით ადამიანთან ერთად ესწრებოდა.

მაღალჩინოსნებმა ამ მსახურებაზე დამსწრე ყველა ადამიანის კარანტინში მოთავსება გადაწყვიტეს.

ეკლესიის ერთერთმა ყოფილმა წევრმა, გუიენ კიმმა CNN-თან საუბრისას თქვა, რომ რელიგიურ ჯგუფში ავად ყოფნა წირვის გაცდენის მიზეზი არასდროს ყოფილა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეკლესიის წევრი ავად გახდებოდა, კვირა დღეს ის მაინც უნდა მისულიყო ეკლესიაში. თუ ამას ვერ მოახერხებდა, ორშაბათს ან სამშაბათს მაინც უნდა წასულიყო. მისი თქმით, მსახურებაზე დამსწრეები საათობით ერთად ისხდნენ. კიმმა თქვა, რომ დამსწრეებს ლოცვის დროს სახეზე არაფერი, მათ შორის არც სათვალეები ან ნიღბები არ უნდა კეთებოდათ.

შეინჩენონჯის რელიგიური ჯგუფი ამბობს, რომ მაღალჩინოსნებს ეკონტაქტებიან და მათ თავიანთი 1100 შენობა დახურეს, ყველა შეკრება შაჩერეს.

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 86 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,900-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა, 79 000-ზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 53 ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია დაახლოებით 6000 შემთხვევაზე, საიდანაც 86 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაში. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა.

დაავადებულთაგან 42 576 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაავადების სამი შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარები