კორონავირუსი

სამხრეთ კორეაში ერთ დღეში კორონავირუსი 571 ადამიანს აღმოაჩნდა, ჯამში დაავადებულია 2337

28 თებერვალს სამხრეთ კორეაში კორონავირუსი კიდევ 571 ადამიანს აღმოაჩნდა - სამხრეთ კორეაში ერთ დღეში დაავადებულების რიცხვის აღმოჩენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჯამში დაავადებულია 2 337 ადამიანი - ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი სამხრეთ კორეაშია დაავადებული. ამჟამინდელი მონაცემებით გარდაცვლილია 14 ადამიანი.

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაავადების შემთხვევა პირველად 20 იანვარს აღირიცხა.

სამხრეთ კორეაში ვირუსით დაავადების ნახევარზე მეტი შემთხვევა დაკავშირებულია ქალაქ დაეგუში იესოს შინჩენონჯის ეკლესიასთან და ჩენგდოში არსებულ საავადმყოფოსთან.

მთავრობა შინჩენონჯის 310 000 წევრს უკავშირდება და ვირუსზე ამოწმებს. 27 თებერვლის ინფორმაციით, 110 000 პირს დაუკავშირდნენ. სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის კიმ ჰანგ ლიპის თქმით, 1 638 ადამიანს, რომელსაც სიმპტომები აღმოაჩნდა, კორონავირუსის დასადგენ ტესტს ჩაუტარებდნენ.

18 თებერვლამდე კორონავირუსის გავრცელებას ეკლესიას არ უკავშირებდნენ, მანამ სანამ 31-ე პირს არ აღმოაჩნდა დაავადება. პაციენტი 61 წლის ქალი აღმოჩნდა, რომლესაც ბოლო პერიოდში საზღვარგარეთ არ უმოგზაურია და კორონავირუსის დიაგნოზის მქონე ადამიანებთან შეხება არ ჰქონია.

20 თებერვლამდე დაავადებულთა რიცხვი 156-მდე გაიზარდა. 

სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ე.წ. 31-ე პაციენტსა და ახალ პაციენტებს შორის კავშირი დაინახეს. დაეგუში დაავადებული ქალი შინჩენონჯის მსახურებას ასობით ადამიანთან ერთად ესწრებოდა.

მაღალჩინოსნებმა ამ მსახურებაზე დამსწრე ყველა ადამიანის კარანტინში მოთავსება გადაწყვიტეს.

თავდაპირველად ეკლესიას ბრალი დასდეს, რომ მთავრობას წევრების არაზუსტი სია უთხრეს.

რელიგიური ჯგუფი ამბობს, რომ მაღალჩინოსნებს ეკონტაქტებიან და მათ თავიანთი 1100 შენობა დახურეს, ყველა შეკრება შაჩერეს. შინჩენოჯის ეკლესია აცხადებს, რომ ყველა ეკლესიას დეზინფექციას უტარებდნენ და დაავადების პრევენციის აქტივობებში მონაწილეობას მიიღებდნენ.

ეკლესიის ერთერთმა ყოფილმა წევრმა გუიენ კიმმა CNN-თან საუბრისას თქვა, რომ რელიგიურ ჯგუფში ავად ყოფნა წირვის გაცდენის მიზეზი არასდროს ყოფილა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ეკლესიის წევრი ავად გახდებოდა კვირა დღეს ის მაინც უნდა მისულიყო, თუ ამას ვერ მოახერხებდა ორშაბათს ან სამშაბათს მაინც უნდა წასულიყო. მისი თქმით, მსახურებაზე დამსწრეები საათობით ერთად ისხდნენ.

კიმმა თქვა, რომ დამსწრეებს ლოცვის დროს სახეზე არაფერი, მათ შორის არც სათვალეები უნდა კეთებოდათ - "ისინი აიძულეს რომ ნიღბები არ კეთებოდათ მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელება დაწყებული იყო. მათ თქვეს, რომ ნიღბის ტარება ღვთისადმი უპატივცემულობა იყო".

ეკლესია 1984 წლის 14 მარტს ლი მან ჰიმ დააფუძნა, ის ეკლესიის ლიდერია. 

31 იანვრიდან 2 თებერვლამდე ეკლესიის დამფუძნებლის ძმის პანაშვიდზე ეკლესიის გაურკვეველი რაოდენობის წევრები მივიდნენ.

ადგილობრივი მედია წერს, რომ მის გარდაცვალებამდე ქალაქ დაეგუსთან ის ჩენგდოს დაენამის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას შემდეგ ამ საავადმყოფოში კორონავირუსი არაერთ დაავადებულს აღმოაჩნდა და ზოგი გარდაიცვალა. 

სამხრეთ აღმოსავლეთ ქალაქ უსლანში Hyundai Motor-ის ერთერთმა ქარხანამ მუშაობა მას შემდეგ შეაჩერა, რაც ერთერთ დასაქმებულს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 83 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,800-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა, 78 000-ზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 50-ზე მეტ ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია დაახლოებით 3700 შემთხვევაზე, საიდანაც 57 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაში. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოს ორ მოქალაქეს აქვს კორონავირუსის ინფექცია დადასტურებული, ერთი 50 წლის კაცია, რომელიც ირანში იმყოფებოდა, ხოლო მეორე - 31 წლის ქალი, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა. ორივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ ჩივილები არ აქვთ და ექიმების თქმით, "მკურნალობაც არ სჭირდებათ". ისინი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან.

კომენტარები