არჩევნები 2020

ცესკო: თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რეგისტრაციის ვადა 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე გახანგრძლივდა

ცესკო

ინფიცირებული და იზოლაციაში მყოფი პირები გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნას 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე შეძლებენ. ინფორმაცია ტაბულას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაუდასტურეს. დადგენილებაში შესული ცვლილების მიხედვით, იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნა დღეს, 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე და ხვალ, 27 ოქტომბრის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეეძლებათ.

მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მომართა 4000-ზე მეტმა ამომრჩეველმა და ამ წუთებშიც გრძელდება ზარების მიღება.

საარჩევნო ადმინისტრაცია თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს როგორც სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით, ისე სატელეფონო შეტყობინებებით მიაწვდის ინფორმაციას ვადის გახანგრძლივების შესახებ. ამასთან, დამატებით ხვალ დილითაც, ოფიციალური განცხადების საშუალებით, კიდევ ერთხელ შეახსენებს აღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლებს იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0), 27 ოქტომბრის 14:00-მდე და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები, სპეციალურად შექმნილი ჯგუფების საშუალებით, არჩევნებში მონაწილეობას სპეციალური პროტოკოლით შეძლებენ.

კერძოდ, COVID-19-ით ინფიცირების პრევენციის მიზნით შემუშავებული ყველა წესის დაცვით სპეციალური ჯგუფის წარმომადგენლები სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან საარჩევნო ყუთს მიიტანენ. ასევე, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს ექნებათ შესაძლებლობა, საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნით. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითიზოლაციასა და სამკურნალო დაწესებულებებში მყოფ მოქალაქეებს ამ ფორმით ხმის მისაცემად რეგისტრაციისთვის, პირველ ეტაპზე, 24-დან 26 ოქტომბრამდე მისცა დრო.

კომენტარები