კორონავირუსი საქართველოში

რუსუდან გოცირიძე: შობა მარტო 6 იანვარი არ არის, ნახეთ, რა საზოგადოებას ემსახურებით

რუსუდან გოცირიძე
თეორემა/ტაბულა

"შობა მარტო 6 იანვარი არ არის და იქნებ რელიგიების სააგენტოს გაკეთებული კალენდარი ამაში მაინც გამოიყენოთ და ნახოთ, რა საზოგადოებას ემსახურებით..." – ასე ეხმაურება ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას შეზღუდვების შესახებ, რომლის მიხედვითაც საშობაოდ მართლმადიდებლებისთვის შეზღუდვები მოხსნეს, სხვა ქრისტიანებისთვის – არა.

საშობაოდ, 7 იანვრისთვის, მართლმადიდებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ღამისთევის ლიტურგია აღასრულონ, ამისთვის მთავრობა კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის, კერძოდ კი კომენდანტის საათს, მაგრამ სხვა ქრისტიანები – კათოლიკეები და პროტესტანტები 25 დეკემბერს, ისევე, როგორც სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლი 6 იანვარს ვერ შეძლებს ღამისთევის წესის აღსრულებას.

ქვეყანაში 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით კომენდანტის საათი საღამოს 10 საათის ნაცვლად საღამოს 9 საათიდან დაიწყება. თუმცა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლის ღამეს (31 დეკემბრის ღამე) და ასევე შობას (6 იანვრის ღამე) კომენდანტის საათი მოიხსნება, მაგრამ არა იმ თარიღებში, როცა ქრისტესშობას სხვა კონფესიის წარმომადგენლები აღნიშნავენ.

28 ნოემბრიდან, საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე პირების გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა, იკრძალება.

რა შეზღუდვები წესდება საქართველოში – სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები