კორონავირუსი საქართველოში

ცქიტიშვილი: უმეტესობა მართლმადიდებელია და 6 იანვრის ღამეს შეზღუდვა ამიტომ მოვხსენით

მაია ცქიტიშვილი
საქართველოს მთავრობა

ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, მთავრობამ 6-7 იანვრის ღამეს გადაადგილებაზე შეზღუდვა იმიტომ მოხსნა, რომ "მოსახლეობის უმეტესი და ძირითადი ნაწილი მართლმადიდებელი საზოგადოებაა". რაც შეეხება სხვა კონფესიებს, რომლებიც შობას 25 დეკემბერს ან 6 იანვარს აღნიშნავენ, ცქიტიშვილი ამბობს, რომ "მე მგონი, მათ პროტესტიც არ ჰქონდათ, გარკვეული აჟიოტაჟი, კითხვები მოჰყვა, ამ ადამიანებისგან ნაკლებად".

ვიცეპრემიერის თქმით, როგორც შობა, ისე სხვა უქმე დღეები დაკავშირებულია უშუალოდ მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაულებთან და "ამიტომ, არის ეს გამონაკლისი".

მაია ცქიტიშვილის მტკიცებით, მთავრობას სხვა კონფესიის წარმომადგენლებთან კონტაქტი აქვს და მათი უფლებები დაცული იქნება. სავარაუდოდ, მათ ერთჯერად საშვებს მისცემენ.

"რაც შეეხება სხვა კონფესიებს, რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად გავითვალისწინებთ ამ კონფესიების ინტერესებს, როგორც ვაკეთებდით მანამდეც, როგორც ბევრად უფრო მკაცრი გადაადგილების შეზღუდვის დროს, რომელიც ჩვენ გვქონდა გაზაფხულზე, მაშინაც, ძალიან მჭიდრო კონტაქტში ვიყავით ყველა ამ კონფესიის წარმომადგენელთან და უშუალოდ საკოორდინაციო საბჭოს მეშვეობით გაცემული საშვებით ხდებოდა ამ ადამიანებისთვის იმ უფლების დაცვა, რომელიც აქვთ, რომ აღნიშნონ თავისი რელიგიური დღესასწაული იმ დღეებში, როდესაც ეს არის მათი რელიგიის გათვალისწინებით.

ამ კონფესიებთან, გრიგორიანული ეკლესია, კათოლიკები, ლუთერანები, მათთან რელიგიის სააგენტო ვართ კონტაქტზე და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ მათი უფლებები იყოს დაცული" - აცხადებს ცქიტიშვილი.

საშობაოდ, 7 იანვრისთვის, მართლმადიდებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ღამისთევის ლიტურგია აღასრულონ, ამისთვის მთავრობა კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის, კერძოდ კი კომენდანტის საათს, მაგრამ სხვა ქრისტიანები – კათოლიკეები და პროტესტანტები 25 დეკემბერს, ისევე, როგორც სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლი 6 იანვარს ვერ შეძლებს ღამისთევის წესის აღსრულებას.

ქვეყანაში 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით კომენდანტის საათი საღამოს 10 საათის ნაცვლად საღამოს 9 საათიდან დაიწყება. თუმცა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლის ღამეს (31 დეკემბრის ღამე) და ასევე შობას (6 იანვრის ღამე) კომენდანტის საათი მოიხსნება, მაგრამ არა იმ თარიღებში, როცა ქრისტესშობას სხვა კონფესიის წარმომადგენლები აღნიშნავენ.

28 ნოემბრიდან, საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე პირების გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა, იკრძალება.

რა შეზღუდვები წესდება საქართველოში – სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები