ჩინეთი

ჩინეთში ჟურნალისტს, რომელმაც წლის დასაწყისში Covid19 გააშუქა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

BBC

ჩინეთში ჟურნალისტს, რომელმაც წლის დასაწყისში ახალი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრიდან, ვუხანიდან, საგანგებო მდგომარეობის დროს მიმდინარე ამბები გააშუქა და მთავრობა გააკრიტიკა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ჭანგ ჭანმა სიახლეების გავრცელება მაისში შეწყვიტა. მოგვიანებით კი პოლიციამ თქვა, რომ ის სიცრუის გავრცელებისთვის დააკავეს. პროკურორებმა მას ბრალი წარუდგინეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჭანგ ჭანმს ოთხიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მისი ადვოკატის თქმით, პროტესტის ნიშნად მან ციხეში შიმშილის დაწყება გამოაცხადა.

Amnesty International წერს, რომ სიმართლის გამოაშკარავებისთვის ჭანგს აწამებენ, ფეხებზე ბორკილები ადევს, ხელები სამი თვეა, მთელი დღის განმავლობაში შეკრული აქვს, სექტემბრიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, გავრცელებული ინფორმაციით, ციხეში ძალით აჭმევენ, პროტესტის ნიშნად შიმშილის გამოცხადების მიუხედავად.

ჭანგი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან დამოუკიდებელ ჩინელ ჟურნალისტთაგან, რომელმაც წლის დასაწყისიდან ვუხანიდან ამბების გაშუქება გადაწყვიტა. 1-ელ თებერვალს ჭანგ ჭანი შანხაიდან ვუხანში გაემგზავრა, რათა მიმდინარე ახალი კორონავირუსის ეპიდემია გაეშუქებინა. 16 თებერვალს მან დაწერა, რომ ჩინეთის მთავრობა სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ახალი კორონავირუსის უამრავ შემთხვევასა და გარდაცვლილთა რიცხვს მალავდა. ჭანგ ჭანმა ჩინეთის მთავრობა ჩინეთში ადამიანის უფლებების შელახვისთვისაც გააკრიტიკა. ის იღებდა ვუხანში საგანგებო მდგომარეობის დროს პაციენტების საწოლებით სავსე საავადმყოფოს დერეფნებს და სხვ.

7 მარტს, როდესაც ვუხანის კომუნისტური პარტიის ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ მოსახლეობამ მადლიერების გაკვეთილები უნდა ისწავლოს, რათა მთავრობას ანტიეპიდემიური ზომების მიღებისთვის მადლობა გადაუხადოს, ჭანგი ქუჩაში შემხვედრებს ეკითხებოდა, გრძნობდნენ თუ არა მადლიერებას. "მადლიერება ისეთი რამაა რასაც ისწავლი? თუ ასეა, ეს ყალბი უნდა იყოს. ჩვენ ზრდასრულები ვართ. არ გვჭირდება სწავლა" - თქვა მან ვიდეოს დასასრულს

თებერვალში ის გაუჩინარებულ ჟურნალისტებზე ლაპარაკობდა, რომლებიც მის მსგავსად აშუქებდნენ მოვლენებს, ასევე ახალი კორონავირუსზე ინფორმაციის გამავრცელებელ ექიმებზე. როგორც ჩანს, ჭანგმა იცოდა, თუ რა ბედი ეწეოდა ჩინეთში მსგავსი ქმედებებისთვის. "როგორც ადამიანმა, რომელსაც ანაღვლებს ჭეშმარიტება ამ ქვეყანაში, უნდა ვთქვა, რომ თუკი ჩვენ უბრალოდ მივეცემით  მწუხარებას და არ ვეცდებით, რაიმე გავაკეთოთ ამ რეალობის შესაცვლელად, მაშინ ჩვენს ემოციებს ფასი არა აქვს". - ამბობდა ჭანგი.

ჭანგი ადრეც დაუკავებიათ. ჭანგის კიდევ ერთი მეგობარი ამბობს, რომ 2019 წელს ის შანხაიში შეუერთდა ჰონგ-კონგში ექსტრადიციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების მხარდამჭერ მსვლელობას და ამისთვის დააკავეს. 65-დღიანი პატიმრობის შედეგ ის გაათავისუფლეს. პატიმრობის დროს ჭანგ ჭანმა პროტესტის ნიშნად ორჯერ იშიმშილა.  

გასული წლის დეკემბრიდან ჩინეთის მთავრობამ ახალ კორონავირუსზე ინფორმაციის გავრცელების, მთავრობის კრიტიკის გამო ათასობით ადამიანი დააკავა. მხოლოდ ივნისის ჩათვლით ჩინეთში "საზიანო, ცრუ, გაყალბებული ინფორმაციის განზრახ გავრცელების" 5000-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს.  

აპრილში ასევე გაუჩინარდა სამი მოხალისე, რომლებმაც შექმნეს ცენზურირებული ახალი ამბების ონლაინ არქივი ახალი კორონავირუსის შესახებ. მოგვიანებით, ორ მათგანს იგივე ბრალდება წაუყენეს, რაც ჭანგს. 

ჩინეთი მედიათავისუფლების ინდექსით 180 ქვეყნიდან 177-ე ადგილზეა. გასული წლის სექტემბერში ჩინეთში გამოაცხადეს, რომ ჩინეთში პრესბარათის ასაღებად პრეზიდენტისადმი ერთგულების ტესტის ჩაბარება იქნება სავალდებულო. კომუნისტური ჩინეთი მსოფლიოში ადამიანის უფლებების დამრღვევთა შორის ერთ-ერთი ყველაზე უარესი ქვეყანაა.

კომენტარები