არჩევნები 2020

OSCE საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში სადამკვირვებლო მისიებს შეზღუდული ფორმატით აგზავნის

osce/odihr

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში სადამკვირველო მისიებს ამცირებს. მიზეზად ეუთო წევრი ქვეყნის მიერ მიწოდებული მოკლევადიანი დამკვირვებლების რაოდენობის სიმცირეს ასახელებს, რაც ახალი კორონავირუსის პანდემიისა და მასთან დაკავშირებული ფრენების შეზღუდვითაა გამოწვეული. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოწვევების შემდეგ, სექტემბრის შუა რიცხვებიდან საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ODIHR-მა მომავალი არჩევნებისათვის განათავსა სადამკვირვებლო მისიები (EOM). ODIHR EOM-ებს შეადგენს ექსპერტების და გრძელვადიანი დამკვირვებლების ძირითადი გუნდი, რომლებსაც ეუთოს მონაწილე სახელმწიფოები აგზავნიან. სადამკვირვებლო მისიის სტანდარტული მეთოდოლოგიის თანახმად, ODIHR-მა ქვეყნებს სთხოვა, რომ მეორე მოკლევადიანი დამკვირვებლები სადამკვირვებლო მისიებს შეუერთდნენ, როცა არჩევნების დღე მოახლოვდება.

განცხადებაში წერია, რომ COVID-19 პანდემიით გამოწვეულმა საგანგებო ვითარებამ და მოგზაურობის შეზღუდვებმა ეუთოს რეგიონში უარყოფითად იმოქმედა ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების მეორე მოკლევადიანი დამკვირვებლების შესაძლებლობაზე - "ამან მნიშვნელოვანი დეფიციტი გამოიწვია, რაც შეუძლებელს ხდის მოკლევადიანი დამკვირვებლების განლაგებას საკმარისი რაოდენობით არჩევნების დღის პროცედურების არსებითი დაკვირვებისთვის, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის მიერ გამოწვეული ლოგისტიკური სირთულეების გათვალისწინებით."

შედეგად, ODIHR-ის გადაწყვეტილებით, სამი სადამკვირვებლო აქტივობების ფორმატი იცვლება და, თუკი აქამდე იყო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიები (EOM), ამჯერად იქნება შეზღუდული საარჩევნო სადამკვირვებლო მისიები (LEOM), რაც მოიცავს ექსპერტების ძირითად ჯგუფებს და გრძელვადიან დამკვირვებლებს.

კომენტარები