კორონავირუსი საქართველოში

ცქიტიშვილი: ეს არ არის კომენდანტის საათი, ეს გადაადგილების შეზღუდვაა

მაია ცქიტიშვილი
commersant

საქართველოს ვიცეპრემიერის და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, შეზღუდვები, რაც 9 ნოემბრიდან ამოქმედდება, კომენდანტის საათი არ არის.

"სანქციასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე გვაქვს განსაზღვრული სანქცია კანონმდებლობით, იმ კანონით, რომელიც არეგულირებს საკარანტინო ღონისძიებებს. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა. ამ შეზღუდვის დარღვევისთვის, რა თქმა უნდა, იმოქმედებს ის სანქცია, რომელიც დაწესებულია, კერძოდ, 2 000 ლარი". – თქვა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცეპრემიერმის განცხადებით, ჯარიმის თანხაზე პრესსამსახურის მეშვეობით დამატებით განმარტავენ.

9 ნოემბრიდან იზღუდება 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება, როგორც ქვეითად მოსიარულეთათვის, ისე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.

ამასთან ერთად, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში, ფოთში - მიღებული იქნება სპეციალური ღონისძიებები, რომლებითაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანთა რაოდენობა შეიზღუდება.

ცქიტიშვილის თქმით, სხვა შეზღუდვებთან ერთად, დიდ ქალაქებში, შესაძლოა არ დაუშვან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფეხზე მდგომი ადამიანების გადაადგილება.

9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დროებით დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები.

კომენტარები