კორონავირუსი

გამყრელიძე კორონავირუსზე: ველოდებით WHO-ს რეკომენდაციებს, რასაც გაგიზიარებთ

ამირან გამყრელიძე
NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ელოდენიან რეკომენდაციებს.

"დღეს ველოდებით გვიან და ალბათ, ხვალ გვეცოდინება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომლებსაც შესაბამისად გაგიზიარებთ".

WHO კორონავირუსზე საგანგებო კომიტეტის სხდომას დღეს გამართავს, სადაც ქვეყნებისადმი რეკომენდაციებს მიიღებს.

ამირან გამყრელიძე კითხვაზე, კორონავირუსის გამო ამოწმებენ თუ არა ჩინეთიდან ჩამოსულებს, პასუხობს შემდეგს - "[შემოწმება] ჯერჯერობით არ ხდება. ხვალ 10 საათზე იქნება შეხვედრა სამინისტროში, გვაქვს ჩვენი წინადადებები, შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება და მოგახსენებთ ხვალ".

ამირან გამყრელიძის თქმით, ცენტრში დაახლოებით ერთი კვირაა რაც დაიწყეს შიდა კონსულტაციები, ჩამოყალიბებული აქვთ შიდა სამუშაო გეგმა, თუ რა უნდა გააკეთოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და რა უნდა გააკეთდეს მთლიანად ქვეყანაში. 

"[ხვალ] ჩვენ წარვდგებით ჩვენი წინადადებებით და შესაბამისად სამინისტროს სტრუქტურებთან ერთად იქნება კოორდინირებული მუშაობა და პასუხები. ხვალ გადავწყვიტავთ, ვთქვათ, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ," - თქვა გამყრელიძემ.

კითხვაზე ცენტრი გასცემს თუ არა რეკომენდაციას თბილისი-პეკინის მიმართულებით ფრენების შეწყვეტაზე, გამყრელიძე პასუხობს - "არავითარი ასეთი საერთაშორისო რეკომენდაცია არ არის, იგივე არავითარი ფრენა არ წყდება თვითონ ვუხანშიც. ჩინეთიდან ჩვენ გვაქვს ორი რეისი, რომელიც მოფრინავს პეკინიდან - ერთი ჩინეთის ერთერთ ქალაქში ტრანზიტით და შემდეგ თბილისში".

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2019-nCoV არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა და მისი შესწავლის მიზნით მობილიზებულია მსოფლიო ექსპერტები, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის 2019-nCoV რისკი არის დაბალი - "არსებული ინფორმაციის საფუძველზე, NCDC ახორციელებს მზადყოფნის პროაქტიულ ზომებს".

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამჟამად საქარველოს მოქალაქეებს არც ჩინეთში და არც კერძოდ კორონავირუსის ეპიცენტრში გამგზავრებისგან თავის შეკავებას არ ურჩევს. ქალაქ ვუხანში წამსვლელებს ცენტრი ურჩევს - მოერიდონ ავადმყოფ ადამიანებთან, ცხოველებთან, ცხოველურ პროდუქტებთან, ცხოველთა ბაზრებთან და ფერმებთან კონტაქტს; ხშირად დაიბანონ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში (მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენონ ალკოჰოლის შემცველი სადზინფექციო საშუალება); ხანში შესულმა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოგზაურებმა, რომლებმაც ვუხანში გამგზავრებით შესაძლებელია უფრო მეტი რისკი შეუქმნან საკუთარ ჯანმრთელობას, გამგზავრება უნდა შეათანხმონ თავიანთ სამედიცინო დახმარების მიმწოდებელთან.  

მათ, ვინც უკვე იმოგზაურეს ვუხანში და აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს. ექიმს უნდა აცნობონ მოგზაურობისა და სიმპტომების შესახებ; უნდა მოერიდონ სხვა ადამიანებთან კონტაქტს; არ უნდა იმოგზაურონ ავადმყოფობის პერიოდში;

ცენტრი ასეთ ადამიანებს ასევე ურჩევს - "დაიფარეთ პირისა და ცხვირის მიდამო ცხვირსახოცით ან ტანსაცმლის სახელოს გამოყენებით ( და არა ხელით) ცემინების და ხველის დროს. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათი არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალება. სამედიცინო დაწესებულებებში საჭიროა გაძლიერდეს ინფექციის კონტროლის სტანდარტული ღონისძიებები, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში."

თუ რა არის კორონავირუსი და როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციისგან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წერს შემდეგს:

რა არის კორონავირუსის სიმპტომები?

კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ძირითადი ნიშნებია რესპირატორული სიმპტომები, ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. უფრო მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა და სიკვდილიც კი. 

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციისგან?

სტანდარტული რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოიცავს:

რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტისაგან თავის არიდება;

ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან ან იმ გარემოსთან, სადაც იმყოფებოდა სიმპტომების მქონე პაციენტი;

თავი აარიდეთ დაუცველ კონტაქტს ფერმებთან ან გარეულ ცხოველებთან;

რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებმა უნდა დაიცვან ხველის ეტიკეტი;

სამედიცინო დაწესებულებებში საჭიროა გაძლიერდეს სტანდარტული ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაავადების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. ამ დროისათვის გამოვლენილია ვირუსით დაავადების 440 შემთხვევა. იზოლირებულია 2,197 ადამიანი, რომელთაც დაავადებულებთან ჰქონდათ შეხება. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

ვირუსი პირველად ჩინეთის ვუხანის პროვინციაში დაფიქსირდა და მას შემდეგ ჩინეთის ფარგლებს გარეთაც გავრცელდა, მათ შორის იაპონიაში, სამხრეთ კორეაში და ტაილანდში. ვირუსით დაავადების პირველი შემთხვევა გამოვლინდა აშშ-შიც, სადაც ჩინეთიდან მომავალ ფრენებზე უსაფრთხოების და შემოწმების ნორმები გაამკაცრეს. მსგავსი ზომები მიიღეს რუსეთშიც. ჩრდილოეთ კორეაში კი ტურისტულმა კომპანიებმა ჩინეთში ოპერაციები დროებით შეაჩერეს. დღეს სინგაპურში ჩინეთიდან ჩაფრენილი ყველა მგზავრის შემოწმება დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის შემთხვევა სინგაპურში არ დაფიქსირებულა.

ვირუსი, რომლის წარმოშობაც ჯერ-ჯერობით დაუდგენელია პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ის კორონავირუსების იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რასაც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS), რომელმაც 2002-2003 წლებში მსოფლიოში 800-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინაც დაავადება პირველად ჩინეთში გავრცელდა. მაშინ ჩინეთის მთავრობამ ვირუსის გავრცელების დაფარვა სცადა და ეპიდემიის არსებობა მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც გარდაცვალების შემთხვევები გაიზარდა. ახლა ჩინეთის მთავრობას მოუწოდებენ არ დაუშვას იგივე შეცდომა და ვირუსის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადოს.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა მთავრობის პრიორიტეტია. ვირუსის გავრცელების საშიშროება განსაკუთრებით გაზრდილია, რადგან ჩინეთში მთვარის კალენდრით ახალ წელს აღნიშნავენ და ამისათვის ასობით მილიონი ადამიანი ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ მოგზაურობას აპირებს.

კომენტარები