რუსეთი

პუტინის თქმით, რუსეთმა კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა

ვლადიმირ პუტინი
POLITICO

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 11 აგვისტოს თქვა, რომ რუსეთმა ოფიციალურად დაამტკიცა მოსკოვში არსებული, გამალეია ინსტიტუტის მიერ განვითარებული კორონავირუსის ვაქცინა

ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ აღნიშნულმა ვაქცინამ ყველა საჭირო შემოწმება გაიარა. 

რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მისმა ერთერთმა ქალიშვილმა ვაქცინა უკვე გაიკეთა. პუტინის თქმით, მას ოდნავ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა ახლა თავს უკეთ გრძნობს. 

"მე ვიცი, რომ ეს ძალიან ეფექტურად მოქმედებს, ქმნის ძლიერ იმუნიტეტს და ვიმეორებ, ყველა საჭირო შემოწმება გაიარა." – თქვა პუტინმა. 

ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ ქვეყანა მალე ვაქცინის მასობრივ წარმოებას დაიწყებს. 

CNN წერს, რომ მანამდე რუსეთის ოფიციალურმა პირებმა მედიასთან განაცხადეს, რომ ვაქცინის გადამწყვეტი მე-3 ფაზა მას შემდეგ ჩატარდება, რაც სახელმწიფო ვაქცინას დაამტკიცებს. მესამე ეტაპი ვაქცინის ათასობით პაციენტზე გამოცდას მოიცავს. 

რუსეთს ვაქცინის ტესტირებაზე სამეცნიერო ინფორმაცია არ გაუზიარებია. 

გასულ თვეს Reuters ერთერთ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუს მედიკოსებს, რომლებიც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს კურნავენ, ვაქცინის დამტკიცების შემდეგ მალევე შესთავაზებენ ვაქცინას. 

მსოფლიოში ამჟამად 100-ზე მეტ ვაქცინას ავითარებენ, რათა ახალი კორონავირუსის პანდემია შეაჩერონ. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სულ მცირე 4 მათგანი გამოცდის მესამე ეტაპზე არიან.

კომენტარები