ეკონომიკა

2020 წლის მესამე კვარტალში ეკონომიკა 5.6%-ით შემცირდა

საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის მესამე კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 5.6%-ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და მშპ-ს მოცულობა მიმდინარე ფასებში 13 331.2 მლნ. ლარს გაუტოლდა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.1%) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.6%). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.7%), მშენებლობა (10.4%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (9.3%), სახელმწიფო მმართველობა (6.9%), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.4%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (4.8%).

ყველაზე დიდი კლება აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-53.1%), ტრანსპორტი და დასაწყობება (-25.0%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-32.4%), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-49.0%).

ზრდა კი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა: სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (4.3%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (6.6%), განათლება (5.6%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (14.7%).

დაზუსტებულ მონაცემებს საქსტატი 2021 წლის 15 ნოემბერს გამოაქვეყნებს. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4.3%-ით გაიზრდება.

კომენტარები