კორონავირუსი

ტაივანი ჩინეთს კორონავირუსის შესახებ სწორი ინფორმაციის გაზიარებისკენ მოუწოდებს

Reuters

ტაივანი ჩინეთს კორონავირუსის შესახებ სწორი ინფორმაციის გაზიარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინგ-ვენმა განაცხადა.

ის იმედოვნებს, რომ ჩინეთის ქმედებები გამჭვირვალე იქნება. 

ტაივანმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ასევე მოუწოდა, რომ პოლიტიკურ მიზეზთა გამო ახალი ვირუსის შესახებ კოლაბორაციიდან ტაივანი არ გამორიცხოს.

ტაივანი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრი არ არის, რადგან ჩინეთი ტაივანს მის ნაწილად მიიჩნევს, ტაივანი კი უარყოფს, რომ ჩინეთის ნაწილია.

ტაივანის მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩინეთის ქალაქ ვუხანიდან ტაივანში ტურისტული ჯგუფები გარკვეული დროით აღარ ჩავლენ.

დღეს კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ჰონგ-კონგშიც.

ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაავადების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. ამ დროისათვის გამოვლენილია ვირუსით დაავადების 440 შემთხვევა. იზოლირებულია 2,197 ადამიანი, რომელთაც დაავადებულებთან ჰქონდათ შეხება. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

ვირუსის გავრცელების გამო დღეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საგანგებო შეხვედრას გამართავს და განსაზღვრავს წარმოადგენს თუ არა ის მსოფლიო ჯანდაცვისათვის საშიშროებას.

ვირუსი პირველად ჩინეთის ვუხანის პროვინციაში დაფიქსირდა და მას შემდეგ ჩინეთის ფარგლებს გარეთაც გავრცელდა, მათ შორის იაპონიაში, სამხრეთ კორეაში და ტაილანდში. ვირუსით დაავადების პირველი შემთხვევა გამოვლინდა აშშ-შიც, სადაც ჩინეთიდან მომავალ ფრენებზე უსაფრთხოების და შემოწმების ნორმები გაამკაცრეს. მსგავსი ზომები მიიღეს რუსეთშიც. ჩრდილოეთ კორეაში კი ტურისტულმა კომპანიებმა ჩინეთში ოპერაციები დროებით შეაჩერეს.

ვირუსი, რომლის წარმოშობაც ჯერ-ჯერობით დაუდგენელია პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ის კორონავირუსების იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რასაც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS), რომელმაც 2002-2003 წლებში მსოფლიოში 800-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინაც დაავადება პირველად ჩინეთში გავრცელდა. მაშინ ჩინეთის მთავრობამ ვირუსის გავრცელების დაფარვა სცადა და ეპიდემიის არსებობა მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც გარდაცვალების შემთხვევები გაიზარდა. ახლა ჩინეთის მთავრობას მოუწოდებენ არ დაუშვას იგივე შეცდომა და ვირუსის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადოს.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა მთავრობის პრიორიტეტია. ვირუსის გავრცელების საშიშროება განსაკუთრებით გაზრდილია, რადგან ჩინეთში მთვარის კალენდრით ახალ წელს აღნიშნავენ და ამისათვის ასობით მილიონი ადამიანი ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ მოგზაურობას აპირებს.

კომენტარები