ტიკარაძე: სწრაფი ტესტები საქართველოში 24 მარტიდან შემოვა, ზეგიდან ტესტირება დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის, ეკა ტიკარაძის თქმით, ხვალიდან, 24 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის სწრაფი ტესტების პირველ პარტიას შემოიტანენ და 25 მარტიდან უკვე მოსახლეობის შემოწმება დაიწყება.

"ხვალ, 24 მარტს სწრაფი ტესტების შემოტანას ველოდებით, რაც ნიშნავს, რომ ოთხშაბათიდან შეგვეძლება, დავიწყოთ მოსახლეობის ტესტირება. ეს ჩვენს ექიმებს და ეპიდემიოლოგებს დაეხმარება, დროულად აღმოაჩინონ კორონავირუსის შემთხვევა. ტესტების შემოტანა მოხდება 4 ეტაპად. პირველ ეტაპს ველოდებით ხვალ. რაოდენობა არის საკმარისი, რომ მოხდეს საკმაოდ დიდი ჯგუფების გატესტვა", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, ტესტები, რომლებიც ხვალიდან იქნება საქართველოში, ის ტესტებია, რომლებიც დაავადებას პირველივე დღიდან გამოავლენს.

"თქვენთვის ცნობილია, რომ დღესდღეობით ჩვენს ხელთ არსებული ტესტები ავლენს დაავადებას, დაავადების სიმპტომის გამოვლენიდან ან დავადების მერვე დღიდან, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის, რომ პაციენტს ჩაუტარდეს კვლევა პირველივე დღეს. ტესტები, რომლებიც ხვალიდან იქნება საქართველოში, არის ის ტესტები, რომლებიც დაავადების გამოვლენას მოახდენს პირველი დღიდან.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ტესტირების ხარისხი, მოხდა ტესტების შერჩევა ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით და ის ტესტები, რომელიც საქართველოში ჩამოვა, მოგვცემს საშუალებას, რომ 100 პროცენტიანი სიზუსტით დავადგინოთ კორონავირუსი პირველი და მეორე დღეს", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

23 მარტის მდგომარეობით, საქართველში კორონავირუსის დადასტურებული 54 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 3 - გამოჯანმრთელდა. კიდევ 5 ადამიანს საავადმყოფოებიდან რამდენიმე დღეში გაწერენ. კარანტინის რეჟიმშია - 3254 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 233.

ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

ჩაკეტილია მარნეული და ბოლნისი. აქ კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც გაირკვა, რომ 60 წელს გადაცილებული ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სარიტუალო ღონისძებაში მონაწილეობდა და მას, სულ მცირე, 86 კონტაქტი ჰყავს. კარანტინის აღსრულებას შსს-ის და თავდაცვის ძალები უზრუნველყოფენ. თავად ინფიცირებული ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

24 მარტის 00:00 საათიდან აიკრძალა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები