კორეული რელიგიური სექტის ლიდერს კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვისთვის ბრალი წარედგინება

სამხრეთ კორეული რელიგიური სექტის, შინჩონჯის ეკლესიის ლიდერს, ლი მან ჰის ბრალი წარედგინება კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვის გამო.

დედაქალაქ სეულის მთავრობის მოთხოვნით, მასთან ერთად ბრალი წარედგინება სექტის 11 სხვა წარმომადგენელსაც.

სამართალდამცველები სექტის წევრებს იმაში სდებენ ბრალს, რომ მათ ეკლესიის ზოგიერთი წევრის ვინაობა დამალეს მაშინ, როცა შესაბამისი უწყებები კორონავირუსის კვალს მიჰყვებოდნენ.

როგორც ცნობილია, შინჩონჯის ეკლესიის დაახლოებით 230 000 წევრიდან კორონავირუსის სიმპტომები 9000-ს აღენიშნებოდა.

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ერთ-ერთი პირველი ინფიცირებული სწორედ ეკლესიის 61 წლის წევრი იყო, რომელიც ინფიცირების შემდეგ რამდენჯერმე დაესწრო რელიგიურ რიტუალებს.

ამ დროისათვის სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 4335 შემთხვევაა აღრიცხული, რაც ჩინეთის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. აქედან 30 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.

შინჩონჯის სექტის ლიდერი, 88 წლის ლი მან ჰი საკუთარ თავს მესიად აცხადებს და ამბობს, რომ ქრისტეს რეინკარნაციაა. კორონავირუსის ტესტი მასაც ჩაუტარეს და ამჟამად შედეგებს ელოდებიან.

 

კომენტარები