კორონავირუსი

პომპეო: უამრავი მტკიცებულებაა, რომ კორონავირუსი ვუხანის ლაბორატორიიდან წამოვიდა

Getty Images

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს განცხადებით, მრავალი მტკიცებულება არსებობს, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთში ვუხანის ლაბორატორიიდან წამოვიდა.

ამასთან ერთად, მან აღნიშნა, რომ ჩინეთს მსოფლიოში ვირუსი არაერთხელ გაუვრცელებია და ქვეყანას არასტანდარტული ლაბორატორიების ისტორია აქვს.

მისი თქმით ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მსოფლიოში ჩინურ ლაბორატორიებში შეცდომების გამო ვირუსი გავრცელებულა.

პომპეომ აღნიშნა, რომ სადაზვერვო სამსახურები თავიანთ საქმეს აგრძელებენ და ცნობებს ამოწმებენ.

"მე შემიძლია ვთქვა, რომ მნიშვნელოვანი რაოდენობის მტკიცებულებაა, რომ ეს [ვირუსი] ვუხანის ლაბორატორიიდან წამოვიდა", - განცხადა მან.

პომპეოს ამბობს, რომ არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს ეროვნული სადაზვერვო სამსახურის განცხადებაში ვირუსის წარმომავლობის შესახებ. დაზვერვის მიხედვით, მეცნიერული კონსესუსია იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანის მიერ შექმნილი ან გენეტიკურად მოდიფიცირებული არ არის - "მე ვნახე ის, რაც დაზვერვამ განაცხადა. არ მაქვს მიზეზი დავიჯერო, რომ ისინი შეცდნენ".

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა კორონავირუსზე ჩინეთის დეზინფორმაციის კამპანიაზე:

"ჩინეთი მოიქცა ისე, როგორც ავტორიტარული რეჟიმები იქცევიან. ჩინეთმა სცადა დამალვა, დაფარვა, დაბნეულობის შექმნა", - პომპეომ ასევე ხაზგასმით თქვა, რომ ჩინეთმა ჯანმო-ს დაავალა, რომ მასაც იგივე გაეკეთებინა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ამან მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და უზარმაზარი ეკონომიკური ზარალი მოიტანა:

"ვფიქრობ, მთელი მსოფლიო გაერთიანებულია და ესმის, რომ ვირუსი მსოფლიოს ჩინეთმა მოუტანა".

ჟურნალისტის კითხვაზე, ჩინეთმა ვირუსი განზრახ გაავრცელა თუ ეს შეცდომის შედეგად მოხდა, პომპეომ კომენტარი არ გააკეთა.

სახელმწიფო მდივანმა კვლავ აღნიშნა, რომ მცდელობის მიუხედავად, ჩინეთი აშშ-სა და ჯანმო-ს ვუხანის ან ჩინეთის რომელიმე ლაბორატორიაში არ უშვებს. 

"ეს მიმდინარე გამოწვევაა. ჩვენთვის კვლავ აუცილებელია იქ შესვლა. ჩვენ კიდევ არ გვაქვს ვირუსის ნიმუშები, რაც გვჭირდება. ეს მიმდინარე საფრთხეა და მიმდინარე პანდემიაა. ჩინეთის კომუნისტური პარტია კვლავ ბლოკავს დასავლური სამყაროს საუკეთესო მეცნიერებს, რათა ზუსტად გაარკვიონ, თუ რა მოხდა".

--------------

ახალი კორონავირუსი, იგივე ვუხანის ვირუსი, ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ SARS-CoV-2, ვირუსი, რომელიც Covid-19-ით დაავადებას იწვევს, ღამურებიდან წარმოიშვა და სავარაუდოდ ღამურისგან დაავადებული სხვა ცხოველით ადამიანს გადაედო, თუმცა, ახალი ვირუსის ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ქალაქის პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა - ვირუსით დაავადებულთა პირველი კლასტერი ამ ბაზრობას უკავშირდება. თუმცა, არსებობს მოსაზრებები ვირუსის ვუხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის ალბათობაზე, რომელიც ე.წ. ვუხანის სველი ბაზრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით არის.

ჩინეთის ახალი რეგულაციით, ვირუსზე ჩატარებული ნებისმიერი კვლევა, გამოქვეყნებამდე, მთავრობის მკაცრ კონტროლს გაივლის.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ აშშ "ძალიან სერიოზულად" იძიებს ახალი კორონავირუსის ვუხანის ლაბორატორიასთან კავშირს. 

1-ელ მაისს პრესკონფერენციაზე ტრამპს ჟურნალისტმა ჰკითხა, ამ ეტაპზე ჰქონდა თუ არა ნანახი რაიმე მტკიცებულება, რაც მას აძლევდა საფუძველს, ეთქვა, რომ ვირუსის წყარო ვუხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი იყო, რაზეც მან უპასუხა - "კი, ნანახი მაქვს".

ვირუსის ხელოვნურად შექმნა ან მისი გაჟონვა თებერვალში უარყო ვუხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა, რომელიც ჩინეთის სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია. 

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსების თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილმა, 14 აპრილს განაცხადა, რომ კორონავირუსი, სავარაუდოდ, ბუნებრივად წარმოიქმნა, თუმცა ვერც ამ და ვერც ლაბორატორიის ვერსიაზე დარწმუნებით ვერ ისაუბრებდნენ.

აშშ ჩინეთს სტატისტიკის გაყალბებასა და კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო ჩინეთის პასუხისმგებლობის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს - "მე ბევრის გაკეთება შემიძლია. ჩვენ ვნახულობთ, თუ რა მოხდა".

კომენტარები