კორონავირუსი

Der Spiegel: სი ძინპინმა WHO-ს დირექტორს კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვა სთხოვა

ტედროს ადანომ გებრაიესუსი და სი ძინპინი
Reuters

გერმანული გამოცემა Der Spiegel წერს, რომ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორს, ტედროს ადანომ გებრაიესუსს, სთხოვა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია დაემალა.

გამოცემის მიხედვით, მათ შორის სატელეფონო საუბარი 21 იანვარს შედგა. სი ძინპინმა გებრაიესუსს სთხოვა, არ გამოეცხადებინა ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესახებ და პანდემიის გამოცხადება გადაედო.

გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტში ამბობენ, რომ ჩინეთმა აუცილებელი ინფორმაცია ეპიდემიის საწყის ეტაპზე არ გააზიარა და ამის გამო ვირუსის წინააღმდეგ მომზადებისათვის მსოფლიომ ერთი თვეზე მეტი დაკარგა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს. მათი თქმით 21 იანვარს სი ძინპინსა და გებრაიესუსს შორის სატელეფონო საუბარი არ შემდგარა. ორგანიზაციაში ირწმუნებიან, რომ ჩინეთმა ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ინფორმაცია 20 იანვარს დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ 11 აპრილს ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე გაავრცელეს ამონარიდი  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისათვის 2019 წლის 31 დეკემბერს ელ.ფოსტით გაგზავნილი წერილიდან. მასში ნათქვამია, რომ ჩინეთში ატიპური პნევმონია დაფიქსირდა და პაციენტები იზოლაციაში ჰყავდათ, რაც, მათი თქმით, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემაზე მიუთითებდა. თუმცა, მათ გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქციეს.

კომენტარები