არჩევნები 2020

ხოშტარია: მოგვდის ინფორმაცია, რომ ცესკო ბევრ თვითიზოლაციაში მყოფს არ არეგისტრირებს

"მოგვდის ინფორმაცია, რომ ცესკო ბევრს არ არეგისტრირებს". – ამის შესახებ ევროპული საქართველოს მაჟორიტარი კანდიდატი, ელენე ხოშტარია თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებზე წერს. ხოშტარია აღნიშნავს, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთების მოთხოვნის ვადა დღეს, 26 ოქტომბერს იწურება.

"ყველას, ვისაც მსგავსი პრობლემა შეგექმნათ ნებისმიერ ოლქში, მოგვწერეთ და ვიბრძოლებთ თითოეული ხმისთვის". – წერს ხოშტარია.

გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა 22:00 საათზე იწურება. ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს და თვითიზოლაციაში მყოფებს მოუწოდებს, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში, ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0) და  მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.

"მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მომართა 1500-ზე მეტმა ამომრჩეველმა და ამ წუთებშიც გრძელდება ზარების მიღება". – აცხადებს ცესკო.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არ აკეთებს განმარტებას, რა ბედი ეწევა იმ ამომრჩევლის ხმას, რომელიც 26 ოქტომბრის შემდეგ დაინფიცირდება ან მოუწევს თვითიზოლაციაში გადასვლა. ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური რიცხვი 2000-ს აღწევს. კარანტინის რეჟიმში 3 769 ადამიანია, ხოლო თვითიზოლაციაში მყოფი კონტაქტების რიცხვი უცნობია.

კომენტარები