კორონავირუსის პანდემია

კორონავირუსის ახალი შტამი 70%-ით უფრო გადამდებია

NIAID/National Institutes of Health via AP

14 დეკემბერს ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა საზოგადოებას კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის შესახებ აუწყა, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე არსებული ვარიანტები. 

შაბათს ბრიტანეთის მეცნიერების მრჩეველთა საბჭომ უთხრა პრესას, რომ ლაბორატორიული და სტატისტიკური კვლევების თანახმად, ახალი შტამი 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე გავრცელებული ვარიანტები.

ვირუსები მუდმივად განიცდიან მუტაციას, კორონავირუსები უფრო ნაკლები სიხშირით, ვიდრე სხვა ვირუსები, მაგალითად, გრიპის. ზოგჯერ ეს შემთხვევითი ცვლილებები ცვლის ვირუსის მახასიათებლებს, ზოგჯერ ნეიტრალურია და ხშირად მომაკვდინებელიც კია პათოგენისთვის. ბრიტანელი მეცნიერების თანახმად, მუტაციამ, რომელიც კორონავირუსმა განიცადა, შეცვალა ეგრეთ წოდებული "სპაიკ ცილა" ვირუსის ზედაპირზე, რამაც, თავის მხრივ, გაზარდა ცილის უნარი, მიეკრას და შეაღწიოს ადამიანის უჯრედებში და ეს მუტაცია, სახელად N501y, აძლევს საშუალებას ვირუსს, რომ გავრცელდეს 70%-ით უფრო სწრაფად. მეცნიერებმა ახალ ვარიანტში უჩვეულოდ მაღალი რიცხვი, 23 გენეტიკური ცვლილება აღმოაჩინეს, რომელთაგანაც ზოგიერთი ასოცირებულია ცვლილებებთან ცილაში. სპაიკ ცილა ვირუსის "სპაიკების" მწვერვალზეა მოთავსებული და შეიცავს ამინომჟავებს, რომლებიც იყენებენ ორგანიზმში არსებულ ფერმენტს, სახელად ფურინს, რომელიც შლის უჯრედისის მემბრანას და ვირუსს უჯრედში შეღწევას უმარტივებს. 

ახალ შტამთან დაკავშირებით სამი ძირითადი კითხვა არსებობს: არის თუ არა ახალი ვარიანტი უფრო გადამდები? არის თუ არა ის უფრო მომაკვდინებელი, ან იწვევს თუ არა უფრო მძიმე კლინიკურ მიმდინარეობას და უქმნის თუ არა ის საფრთხეს ვაქცინებით შეძენილ იმუნურობას. წინასწარი პასუხები ამ კითხვებზე, დიდი ბრიტანეთის მეცნიერების საბჭოს თანახმად, არის - კი, არა და არა, თუმცა გადაჭრით რაიმეს თქმა ჯერ ნაადრევია. 

ბრიტანეთის მთავრობის მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა, პატრიკ ველენსმა, შაბათს განაცხადა, რომ სამი ტიპის კვლევები - გენეტიკური, სტატისტიკური და ლაბორატირიული- ერთხმად მიუთითებს, რომ ეს ვარიანტი ბევრად მარტივად გადაეცემა, ვიდრე ადრეული შტამები.

ველენსის თქმით, ახალი შტამი პირველად გავრცელდა სექტემბერში, ლონდონში, სადაც ის 21 სექტემბერს ამოიცნეს, ან ახლომდებარე კენტის საგრაფოში, სადაც ის 20 სექტემბერს აღმოაჩინეს. ნოემბრის შუისთვის ლონდონში ყველა შემთხვევის 28% ახალი შტამის მიერ იყო გამოწვეული, 9 დეკემბრისთვის კი ის პასუხისმგებელი იყო შემთხვევათა 62%-ზე.  "ის დომინანტურ ვარიანტად გარდაიქმნება, რადგან უპირატესია სხვებზე ტრანსმისიის თვალსაზრისით". - განაცხადა მან შაბათს პრესკონფერენციაზე. 

ვალანსმა ასევე განაცხადა, რომ წინასწარი დასკვნა, რომ მუტაცია ნაკლებად სახიფათოა და ვაქცინების ეფექტიანობას საფრთხეს არ შეუქმნის, ნაადრევი იყო, რადგან არსებობს თეორიული მიზეზები, რატომაც შეიძლება, ახალმა ვარიანტმა შეცვალოს იმუნური პასუხი, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს.

"სამუშაო დაშვებაა, რომ ვაქცინის მიერ აღძრული იმუნური რეაქცია საკმარისი უნდა იყოს ახალი შტამისთვის, მაგრამ ამას გადაჭრით ვერ ვიტყვით". - თქვა მან. 

ნიუ-იორკის გენომის ცენტრის დირექტორის თანახმად, "ერთი მუტაცია, ზოგადად, არ ცვლის ვაქცინის ეფექტიანობას".

მეცნიერებმა ასევე განაცხადეს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი საზღვარგარეთ გავრცელდა, თუმცა ამბობენ, რომ მსგავსი მუტაცია დამოუკიდებლად წარმოიშვა სამხრეთ აფრიკაში. 

ახალი შტამით ინფიცირებულთა რაოდენობის დრამატული ზრდის ფონზე, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად უფრო მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდება, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ბრიტანეთის მთავრობა საშობაოდ შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავდა. 

კომენტარები